აკადემიკოსი რამაზ ხეცურიანის 75 წლის იუბილე აღინიშნა
- მაისი 20, 2024
2024 წლის 14 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს სახელმწიფო და ეროვნული აკადემიის, ალექსანდრე ნათიშვილის პრემიის ლაურეატის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების აკადემიკოს-მდივნის რამაზ ხეცურიანის დაბადების 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. ვრცელი მოხსენება “აკადემიკოს რამაზ ხეცურიანის ცხოვრება და მოღვაწეობა” – წაიკითხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა მანანა არაბულმა. სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ: ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, აკადემიკოსები – რამაზ შენგელია, ელიზბარ ჯაველიძე, ვალერი ასათიანი, პროფესორები: თსსუ რექტორი ირაკლი ნატროშვილი, ზაზა ავალიანი, ლიანა კიკალიშვილი, რიმა ბერიაშვილი, „ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების“ ეკლესიის წინამძღვარი მამა მიქაელ ბოტკოველი და სხვ.
აკადემიკოსი რამაზ ხეცურიანი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე მკვლევარია. მისი კვლევები მრავლადაა ციტირებული როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სამედიცინო შრომებში. იგი არის 8 სახელმძღვანელოს, 7 მონოგრაფიისა და 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოცემულია როგორც მშობლიურ, ასევე სხვადასხვა უცხოურ ენაზე.
მის სახელმძღვანელოს „ადამიანის ანატომია ფიზიოლოგიითა და ანატომიით“ საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა, ხოლო მეორე სახელმძღვანელოს „ადამიანის ანატომია“ – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნათიშვილის სახელობის პრემია.
ბატონი რამაზ ხეცურიანი სხვადასხვა წლებში იყო სამედიცინო ინსტიტუტის ანატომიის კათედრის პროფესორი, სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი, ამავე ინსტიტუტის ისტორიაში პირველად არჩეული რექტორი. 2006 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტს.
2018 წლიდან ბატონი რამაზი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრია, 2021 წლიდან კი არჩეულ იქნა აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების აკადემიკოს-მდივნად და აკადემიის პრეზიდიუმის წევრად.
მისი ხელმძღვანელობით აკადემიაში ჩამოყალიბდა სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭო, რომელიც სისტემატურად განიხილავს აქტუალურ და პრობლემურ საკითხებს მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში.
აკადემიკოს რამაზ ხეცურიანის სამეცნიერო მოღვაწეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული მის პედაგოგიურ საქმიანობასთან. მას დიდი ამაგი მიუძღვის კვალიფიციური კადრების აღზრდაში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაცულია: მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის – 4, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის – 2 და მედიცინის აკადემიური დოქტორის – 12 დისერტაცია.
აკადემიკოსი რამაზ ხეცურიანი სისტემატურად მონაწილეობს მორფოლოგიასა და ანთროპოლოგიაში გამართულ სხვადასხვა საერთაშორისო ყრილობებში, კონგრესებსა და კონფერენციებში.
ბატონი რამაზი არის აშშ-ს მეცნიერებათა, იუნესკოს ხელოვნებისა და მეცნიერების, მოსკოვის პედაგოგიური აკადემიის და პოლონეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, მიღებული აქვს მრავალი სამთავრობო და საერთაშორისო ჯილდო, არის საქართველოს ღირსების ორდენის, ალბერტ შვაიცერის ჯვრის და დიდი ოქროს ორდენის, ჰიპოკრატეს ოქროს ორდენის, საერთაშორისო ღირსებისა და XX საუკუნის ორდენების კავალერი.
აკადემიკოს რამაზ ხეცურიანს მინიჭებული აქვს საფრანგეთის შამპან-არდენის საპატიო მოქალაქის წოდება, არის მსოფლიო ბიოგრაფიული საზოგადოების თანადირექტორი ევროპიდან, კემბრიჯის და მსოფლიო ბიოგრაფიული საზოგადოების ექსპერტი, განხრით „უმაღლესი განათლების მენეჯმენტი და მართვა“.
საზეიმო სხდომის დასარულს ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი ბატონი რამაზის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.