„ახალი მონაცემები თორიუმის, ურანისა და ანთიმონიუმის მადანგამოვლინებების შესახებ საქართველოში”
- მაისი 31, 2024
მიმდინარე წლის 29 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა პრეზიდიუმის მორიგი სხდომა, რომელიც გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. პრეზიდიუმის სხდომაზე მოხსენებით – „ახალი მონაცემები თორიუმის, ურანისა და ანთიმონიუმის მადანგამოვლინებების შესახებ საქართველოში“ გამოვიდა გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ავთანდილ ოქროსცვარიძე.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კვლევა განხორციელდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის FR-18-8122 პროექტის “თორიუმი მომავლის ენერგია და მისი მადანგამოვლინებების კვლევა საქართველოში” მხარდაჭერით. პროექტის კონსულტანტი 2008-2016 წლებში იყო ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის თორიუმისა და ურანის პროგრამის ხელმძღვანელი, დოქტორი ბრედლი ვან გოსენი.
მომხსენებელმა განიხილა აღნიშნული პროექტის მეშვეობით განხორციელებული კვლევის შედეგები და ისაუბრა თორიუმისა და ურანის მნიშვნელობაზე, როგორც ენერგორესურსებსა და თორიუმის მწვანე ენერგოშესაძლებლობებზე. ბატონმა ავთანდილ ოქროსცვარიძემ დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია ამ ჯგუფის მიერ აღმოჩენილი მერისის თორიუმის და შხარის ურანის მადანგამოვლინებებზე და დეტალურად განიხილა შხარის ურანის მინერალიზაცია, ვინაიდან მისი მონაცემები ურანის მსოფლიო კლასის საბადოების მონაცემებთანაა თანხვედრაში. მისი ფორმირების პირობები, დრო და შემცველობები (100-390 გ/ტ) სრულ თანხვედრაშია ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ურანის ცნობილი საბადოების მონაცემებთან. ეს კი მნიშვნელოვანი არგუმენტია შხარის ურანის მადანგამოვლინებაზე შემდგომი შესწავლისათვის.
გარდა ურანისა და თორიუმისა მოხსენებაში საუბარი იყო საქართველოში ანთიმონიუმის მადანგამოვლინებების შესახებ. ეს ელემენტი ამჟამად მსოფლიოს კრიტიკული მინერალური რესურსების სიაშია და მსოფლიო ბაზარზე მისი ძირითადი მომწოდებელი ჩინეთია. საქართველოში ანთიმონიუმის პოტენციური მარაგები იმის პერსპექტივას იძლევა, რომ დაიწყოს მისი სამრეწველო მოპოვება (ოქროსთან ერთად), თუნდაც ევროკავშირის ბაზრისათვის, რომელთანაც თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გაგვაჩნია.
პრეზიდიუმმა დაადგინა, რომ გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ავთანდილ ოქროსცვარიძის მოხსენება – „ახალი მონაცემები თორიუმის, ურანისა და ანთიმონიუმის მადანგამოვლინებების შესახებ საქართველოში“ მიღებულ იქნეს ცნობად.