ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- ივლისი 28, 2024
2024 წლის 26 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა ქიმიის აკადემიური დოქტორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელის ელიზავეტა ცხაკაიას მოხსენება – ,,წყლის გასუფთავება ფარმაცევტული ნარჩენებისაგან ცელულოზაშემცველი მეორადი ნედლეულიდან (თხილისა და კაკლის ნაჭუჭები, ვაშლატამას კურკები და სხვა) მიღებული სორბენტების გამოყენებით’’.
სხდომა გახსნა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები, ცენტრის წევრები, მოწვეული სტუმრები და დარგის სპეციალისტები.
მომხსენებელმა აღნიშნა,რომ ბოლო პერიოდში მეცნიერების, მარეგულირებელი სააგენტოებისა და ევროკომისის (2000/60/EC) მიერ აღიარებულია, რომ ფარმაცევტული პროდუქტები წარმოადგენენ გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემას, რადგან პანდემიებმა და წამლების საჭირო თუ უკონტროლო მოხმარებამ, ფარმაცევტული ნარჩენების სწორად მართვისა და გადამუშავებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის უქონლობამ გამოიწვია მათი რაოდენობის ზრდა წყლის სისტემებსა და ნიადაგში. წყალში ამ პრეპარატების დაბალი კონცენტრაციის მიუხედავად, ისინი ზემოქმედებას ახდენენ ცხოველებისა და ადამიანების ჯანმრთელობაზე (ენდოკრინული, ჰორმონალური, გენეტიკური დარღვევები და სხვ.), რამაც გამოიწვია მსოფლიო საზოგადოების შეშფოთება.
ჩამდინარე წყლების გაწმენდის ტრადიციული სქემები არ იძლევა დამაბინძურებლების მოცილების ადეკვატურ დონეს, შესაბამისად ფარმაცევტული ნარჩენები რჩება ჩამდინარე წყლებში და საბოლოოდ ჩაედინება წყლის ეკოსისტემებში (ტბებში, მდინარეებში, წყლის რეზერვუარებში, მიწისქვეშა და სასმელ წყლებშიც კი), რაც იწვევს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტეტნული პათოგენების გამრავლების რეალურ საფრთხეს, ეს კი ქმნის იმის აუცილებლობას, რომ ფარმაცევტული პრეპარატების რაოდენობა გარემოში მინიმუმამდე იქნას დაყვანილი, ყველა არსებული საშუალებით. ამიტომ, პარალელურად მიმდინარეობს კვლევები როგორც მოქმედი გამწმენდი ნაგებობების ეფექტურობის გაზრდის, ასევე ამ სფეროში ფუნდამენტურად ახალი მიდგომების შექმნის მიმართულებით .
მსოფლიოში არსებული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ წყლის გასუფთავების ფიზიკურ-ქიმიურ მეთოდებს შორის გამოირჩევა ადსორბცია (სწრაფი, მარტივი და ეკონომიური მეთოდი ჩამდინარე წყლების გასაწმენდად დამაბინძურებლების დაბალი კონცენტრაციისას), ოპტიმალური ფიზიკურ-ქიმიური თვისებების მქონე სორბენტების გამოყენებით.
მომხსენებლის თქმით, კვლევის მიზანს წარმოადგენს იაფი, ხელმისაწვდომი ადსორბენტების კვლევა და ფარმაცევტული ნარჩენებისაგან წყლის გასუფთავების ეკონომიური და ეფექტური გზის გამონახვა. ბოლო წლებია, რაც ინსტიტუტის რ. დოღონაძის სახელობის თეორიულ კვლევათა ლაბორატორიის კვლევითი მიმართულებების ერთ–ერთ ძირითად თემას წარმოადგენს ინსტიტუტში შემუშავებული ორიგინალური ტექნოლოგიით (პატენტი P 2021 7309 B), ცელულოზაშემცველი მეორადი ნედლეულიდან მღებული ნახშირბადოვანი მასალების ფიზიკო-ქიმიური თვისებების შესწავლა და მათი სელექტიურობის დადგენა სხვადასხვა ტიპის დამაბინძურებლებისაგან გარემოს ობიექტების გასუფთავების მიმართულებით. დაგროვილი ცოდნა ამ მიმართულებით სოლიდურია და მოიცავს რამდენიმე სადისერტაციო ნაშრომს, 15-ზე მეტ პუბლიკაციას და 3 გამოგონებას.
კვლევებით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული სორბენტები, რომლებიც ხასიათდება მაღალი ხვედრითი ზედაპირით, ფორიანობით, კარგი ადსორბციული შესაძლებლობებით გააქტივებისა და მოდიფიცირების გარეშე შესაძლებელია წარმატებით იქნას გამოყენებული ფარმაცევტული პრეპარატებისაგან ჩამდინარე წყლების გასასუფთავებლად.
მომხსენებელმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით კვლევები კვლავ გაგრძელდება. მოხსენება შეაჯამა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ.