აკადემიკოსი ავთანდილ კორახაშვილი – 75

აკადემიკოსი ავთანდილ კორახაშვილი – 75

  • სექტემბერი 19, 2024

დაბადებიდან 75 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წელი შეუსრულდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, პროფესორ ავთანდილ (ბიძინა) კორახაშვილს, რომელსაც კარგად იცნობს ჩვენი ქვეყნისა და უცხოეთის სამეცნიერო საზოგადოება. სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად მან განვლო მეტად მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი გზა როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე უცხოეთის აგრარული მეცნიერების განვითარების საქმეში, რის გამოც ეკონომიკის  აგრარული სექტორის ამ ღვაწლმოსილმა პროფესიონალმა და თვალ­საჩინო მეცნიერმა დამსახურებულად მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, კოლეგებისა და აღზრდილების პატივისცემა და სიყვარული.

აკადემიკოს ავთანდილ კორახაშვილის სამეცნიერო ინტერესების სფეროა აგრო, ბიო, ნანო და საინფორმაციო ტექნოლოგიები აგრარულ სექტორში. როგორც მაღალი დონის მეცნიერი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართვე­ლოს აგრარულ უნივერსიტეტში, საქართველოს ხორცისა და რძის მრეწველობის სამინისტროში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მიწვეული პროფესორის სტატუსით კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, ხოლო მეცნიერ-მკვლევრის სტატუსით მუშაობდა რუსეთში, ეგვიპტეში, საბერძნეთში, ისრაელში, ავსტრალიაში, გერმანიაში, სირიაში. პარალელურად პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა უცხოეთის ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა; მოშონმადიაროვარის (უნგრეთი), ჯორჯიისა და მერილენდის (აშშ), ოსაკის (იაპონია), შანდუნის და ლუდონგის (ჩინეთი) უნივერსიტეტებში. მონაწილეობდა 27 საერთაშორისო სამეცნიერო, საგრანტო და სამრეწველო-კომერციულ პროექტებში. ის 46 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის მეცნიერ-ხელმძღვანელია.

საქართველოში და საზღვარგარეთის 40-ზე მეტ ქვეყანაში გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, აგრეთვე 7 მონოგრაფია, 18 სახელმძღვანელო, 8 მეთოდური მითითება, ექვსენოვანი აგრარული ლექსიკონი და გლოსარიუმი. დამუშავებული აქვს 15 გამოგონება, 2 პატენტი, არის საქართველოს 5 ადაპტირებული კანონის და სოფლის მეურნეობის განვითარების 3 ეროვნული სტრატეგიისა და კონცეფციის ავტორი და თანაავტორი. მიღებული აქვს საქართველოს და მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის მეტად პრესტიჟული ჯილდოები.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია გულითადად ულოცავს  აკადემიკოს ავთანდილ კორახაშვილს ამ იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და შემდგომ წარმატებებს.

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია