IV საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი

IV საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი

  • სექტემბერი 30, 2024

2024 წლის 25-27 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა IV საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი, რომელიც შესავალი სიტყვით და მოხსენებით – „კავკასია – უძველესი ცივილიზაციის კერა“ გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა და კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.

კონგრესის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მოხარული ვარ, რომ თბილისში საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესის გამართვის ტრადიცია გრძელდება. ეს თავყრილობა არა მხოლოდ ჩვენს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას ეძღვნება, არამედ დადასტურებაა ძალისხმევის, რომელიც ჩვენი ენის, ლიტერატურის, ისტორიის, კულტურის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაზეა მიმართული, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

კონგრესის გახსნით სხდომაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი (დათუაშვილი), მანგლისის და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი მეუფე ანანია (ჯაფარიძე),  სასულიერო აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და სხვა საპატიო სტუმრები.

კონგრესის სტუმრები გახლდნენ მსოფლიოში ცნობილი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ქართველოლოგები. მეცნიერები მონაწილეობას იღებდნენ  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორებიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, რუმინეთი, შვედეთი, იტალია, ჩეხეთი, სლოვაკეთი  და სხვ.

საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესის მოწყობის იდეა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განაცხადია ქართული ენის, კულტურისა და ისტორიიის დაცვისა და პოპულარიზაციის თვალსაზრისით. ამ იდეის განხორციელება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ  ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო და მას შემდეგ, კონგრესი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება.

კონგრესის ამოცანაა ყოველ შემდგომ ეტაპზე თავი მოუყაროს ქართველოლოგიის სფეროში მომუშავე უცხოელ და ქართველ მეცნიერებს და ასპარეზი შეუქმნას ამ მიმართულებით მიღწეულ სიახლეებს.  მიმდინარე კონგრესი წარიმართა დარგობრივი სექციების მუშაობით და შერეული ფორმატით, რაც ნიშნავს იმას, რომ უცხოელი კოლეგების მნიშვნელოვანი ნაწილი კონგრესის მუშაობაში ონლაინ-ფორმატით ჩაერთო.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ კონგრესში 100-მდე მეცნიერი მონაწილეობდა და მათი მოხსენებები ძალიან მაღალი დონის სამეცნიერო ნაშრომები გახლდათ. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ იაპონელი ქართველოლოგი ჰიროტაკე მაედა მოხსენებით -„ქართული სახელმწიფოებრიობა და იმპერიათა ეპოქა მარტყოფის ბრძოლის მეოთხასე წლისთავისთვის“, ასევე თურქი ქართველოლოგი ჰარუნ ჩიმქე თავისი მოხსენებით – „მოქმედებითი ბრუნვის სემანტიკური ნიუანსები თანამედროვე სალიტერატურო ქართულში და მათი გადმოცემის საშუალებები თურქულში“ და სხვ. უნდა ითქვას, რომ უცხოელი ქართველოლოგების უმეტესობა ჩინებულად ფლობს ქართულ ენას. ისიც უნდა ითქვას, რომ წელს ამ კონგრესზე პირველად იქნა შემოტანილი პოლიტოლოგიის სექცია, სადაც ძალიან საინტერესო მოხსენებები წაიკითხეს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მთავარმა რედაქტორმა ზურაბ აბაშიძემ („რუსეთის ფაქტორი საქართველოსათვის“), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველმა პაატა სურგულაძემ („საქართველოს ეროვნული საბჭო – ქართული დემოკრატიისა და პარლამენტარიზმის პირველი გამოცდილება“), ასევე ჩეხმა ქართველოლოგმა სტანისლავ ტუმისმა („უკრაინულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობები 1917-1921 წლებში“) და სხვ.

უდაოა, რომ წლევანდელი კონგრესი კიდევ ერთი დიდი განაცხადია ქართული კულტურის, ქართველი ერის ისტორიის, მისი ტრადიციების, თვითმყოფადობის, ქართული ენის განვითარების თვალსაზრისით და, რაც მთავარია, ის ხელს უწყობს ქართული ენით და მისი ისტორიით დაინტერესებულ ყველა მსურველს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანოს ყველაფერი ქართული, რითიც ასე მდიდარია ჩვენი ქვეყანა.

თეზისები