გურამ შარაძის გახსენება
- ოქტომბერი 2, 2024
მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ღირსეული ქართველი საზოგადო მოღვაწის, ფილოლოგის, ისტორიკოსის, პროფესორის, პოლიტიკოსის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის (1997 წ.) გურამ შარაძის ხსოვნის საღამო. ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, ხოლო შემდეგ სიტყვა მისალმებისთვის გადაეცა აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს.
ვრცელი მოხსენება – „გულმართალი მამულიშვილი“ დამსწრე საზოგადოებას გააცნო მწერალმა, მთარმგმნელმა და პუბლიცისტმა ქეთევან ტომარაძემ.
გურამ შარაძე ხელმძღვანელობდა გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს; მისი თაოსნობით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა ქართული ემიგრაციის მუზეუმი; შესწავლილი ჰქონდა უორდროპების კოლექცია. გურამ შარაძე იგი იყო 50 წიგნის, მრავალი ნაშრომის და პუბლიკაციის ავტორი. ილია ჭავჭავაძის შესახებ ორტომეული ნაშრომის გამოცემის შემდგომ იგი სახელმწიფო პრემიით დაჯილდოვდა. დაჯილდოებული იყო ნიკო ბერძენიშვილის სახელობის პრემიით.
გურამ შარაძე იყო საქართველო-უნგრეთის მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საზოგადოების პრეზიდენტი (1992 წელს უნგრეთის რესპუბლიკის ოქროს მედალი გადაეცა). ივანე მაჩაბლის საზოგადოების დამფუძნებელი და თავმჯდომარე. ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, პოლიტიკური მოძრაობა „ენა, მამული, სარწმუნოება“-ს თავმჯდომარე. დიდია გურამ შარაძის ღვაწლი საქართველოს წინაშე. იგი 2007 წლის 20 მაისს, თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს.
სიტყვით გამომსვლეთა შორის იყვნენ: აკადემიკოსი ვალერი ასათიანი, პროფესორები – ელდარ ნადირაძე, რუსუდან დაუშვილი, ნესტან სულავა, ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი რუსუდან კობახიძე, ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე. ღონისძიებას ესწრებოდა მისი შვილი რუსუდან შარაძე. დასასრულს ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი გურამ შარაძეზე.
ღონისძიება ორგანიზებული იყო აკადემიის ენის, ლიტერატურის და ხელოვნების განყოფილების მიერ.