მონოგრაფიის „შუა დერეფნის ენერგეტიკული განზომილება“ პრეზენტაცია
- ოქტომბერი 16, 2024
15 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში, გაიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილის და პროფესორ ზურაბ გარაყანიძის მონოგრაფიის პრეზენტაცია.
მონოგრაფია, ისტორიული და ლოგიკური ანალიზის ერთიანობის დიალექტიკური მეთოდის გამოყენებით, განიხილავს რეგიონული ეკონომიკური უსაფრთხოების პრიორიტეტულ ღონისძიებებს, რაც შესაძლებელი გახდა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით.
ს. პავლიაშვილისა და ზ. გარაყანიძის მონოგრაფია ადასტურებს ჰიპოთეზას, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე, დასავლეთის სახელმწიფოები, ჩინეთი, თურქეთი და „სარტყელისა და გზის ინიციატივის“ (BRI) შუა მარშრუტის გასწვრივ მდებარე პატარა სახელმწიფოები ახორციელებენ მრავალმხრივ ძალისხმევას, რაც მოითხოვს კოორდინაციას შუა დერეფნის შემდგომი სრულყოფის მიზნით. ავტორები გვთავაზობენ უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის იდეას ევროკავშირის TRACECA-ს მუდმივი სამდივნოს ოფისში ბაქოში, რათა განიხილონ ცვლილებები საბაჟო პროცედურებში ან რეჟიმებში, საქონლის ტრანსპორტირების ტარიფებში და ა.შ.
მონოგრაფია წარმოადგენს ეკონომიკური ანალიზისა და უსაფრთხოების კვლევების, და ასევე სტატისტიკური მასალის სინთეზს; ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ შუა დერეფნის გეოეკონომიკური დაფარვა ერთ-ერთი პირველი მცდელობაა. ავტორების მიერ შემოთავაზებული აქტივობები დაეხმარება ყაზახეთს, თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს ამ მულტიმოდალური ავტო, ავია, სარკინიგზო, მილსადენი, საზღვაო დერეფნის საიმედო, უსაფრთხო სავაჭრო მარშრუტად გადაქცევაში. ეს მათ საშუალებას მისცემს განახორციელონ აუცილებელი ზომები და ინვესტიციები, რათა 2030 წლისთვის დერეფანში ტვირთბრუნვა გასამმაგდეს, ხოლო მოგზაურობის დრო განახევრდეს.
მონოგრაფიის მომზადების პროცესში ავტორებს აქტიურად ეხმარებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი), საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში (ელჩი, მისი აღმატებულება ზურაბ პატარაძე), სოკარ ენერჯი ჯორჯია (გენერალური დირექტორი, ბ-ნი მაჰირ მამედოვი) და სხვები. მონოგრაფიის ავტორებმა, აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა და პროფესორმა ზურაბ გარაყანიძემ, წიგნში განხილულ საკითხებზე გამოაქვეყნეს ათობით სამეცნიერო პუბლიკაცია, მათ შორის 2019 წელს მონოგრაფიისთვის „სატრანსპორტო დერეფანი საქართველოში: პრობლემები და პერსპექტივები“ (გამოიცა 2014 წ.) წარდგენილნი იყვნენ და გაიმარჯვეს საქართველოს ეკონომისტთა შორის აკადემიკოს პაატა გუგუშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის კონკურსში.