შეხვედრა ჩინელ მეცნიერებთან

შეხვედრა ჩინელ მეცნიერებთან

  • ნოემბერი 28, 2024

მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შედგა აკადემიის ხელმძღვანელობის შეხვედრა ჩინელ მეცნიერებთან. აკადემიის მხრიდან  ღონისძიებას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, აკადემიის გენერალური მრჩეველი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე.

შეხვედრა გახსნა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს და ჩინეთს ურთიერთობის მრავალი წელი აკავშირებს.

აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის პრეზიდენტობის დროს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას დადებული აქვს მემორანდუმები შემდეგ ორგანიზაციებთან:

  • ქ. იანტაის (ჩინეთი) ახალი და მაღალი ტექნოლოგიების ზონის გაცვლის საერთაშორისო ცენტრთან (2014 წ.);
  • ჩინეთის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიასთან (2017 წ.);
  • ადგილობრივი ბიორესურსების განვითარებისა და გადამუშავების ჩინეთ-საქართველოს ერთობლივი ლაბორატორიის შექმნაზე (2018 წ.);
  • შეთანხმება შანდუნის მეცნიერებათა აკადემიასთან (ჩინეთი, ლიჩენის ოლქი, ქ. ძინანი) (2018 წ.);
  • ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიასთან (2019 წ.);
  • ჩინეთის გუანდუნის პროვინციის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრთან (2019 წ.);
  • ჩინეთის ქ. იანტაის შანდუნის ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან მიკრობული უჯრედების ქარხნის ერთობლივი ლაბორატორიის დაარსებაზე (2019 წ);

ზემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციებში ახლაც აქტიურად მოღვაწეობენ ქართველი მეცნიერები ჩინეთში, რაც ძალზედ დასაფასებელია.

მიმდინარე წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და ლანჟოუს უნივერსიტეტს შორის.

ქართული მხარე დღესაც მზად არის ჩინელ მეცნიერებთან ურთიერთობაზე, ერთობლივი პროექტების განსახორცილებლად. ამ კავშირის განსამტკიცებლად შეხვედრის დროს მემორანდუმის დადებაც დაიგეგმა.

რაც შეეხება აკადემიის სტუმრებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის კომპანიის (CIIC (Shandong)Economic and Technical Cooperation Co., Ltd, People’s Republic of China) ხელმძღვანელი პირები გახლდნენ – რენჩონგ ჟან, ქსუეი ცუის, ფუგანგ ლიუსა და ბოიუ ლიუს, შანდუნგიდან (ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინცია). მათი საქმიანობის სფეროა ახალი და მაღალი ტექნოლოგიების დანერგვა, მართვა, გავრცელება და განვითარება.

როგორც საუბარში სტუმრებმა აღნიშნეს, ისინი ყოველმხრივ მზად არიან ქართველ მეცნიერებთან ურთიერთობის გაღრმავებისა და თანამშრომლობისათვის.

შეხვედრის დასასრულს დაისახა სამომავლო, კონკრეტული თანამშრომლობის უახლოესი გეგმები.