
ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- თებერვალი 13, 2025
მიმდინარე წლის 6 თებერვალს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მორიგი სხდომა, რომელზეც მოხსენებით: ,,საქართველოს ჰიდროსფერო და მიწისქვეშა წყლების რესურსები’’ წარსდგა გეოლოგია-მინერალოგიის დოქტორი, პროფესორი ირაკლი მიქაძე. მომხსენებელმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ჰიდროსფეროსა და მიწისქვეშა წყლების რესურსების წარმოშობა დიდადაა დამოკიდებული კლიმატზე. საქართველოს ტერიტორიის ძირითად კლიმატწარმომქმნელ ფაქტორს წარმოადგენს მისი გეოგრაფიული მდებარეობა: დასავლეთით – შავი და აზოვის ზღვების უშუალო სიახლოვე, ჩრდილოეთიდან – რუსეთის ბაქნის კონტინენტური კლიმატი, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან – აზიის კონტინენტური სივრცის ზეგავლენა. კავკასიონის ქედი და უხვი ატმოსფერული ნალექები, განსაკუთრებით შავი ზღვის აუზში (1700-დან 4000 მმ/წელიწადში), განაპირობებს მიწისქვეშა წყლების სიუხვეს, რომლის რესურსები განახლებადია. მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები ცდილობენ მაქსიმალურად აითვისონ წყლის ბუნებრივი რესურსები, რომელთა ბაზაზე შესაძლებელია ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. მტკნარი სასმელი წყალი, უძვირფასესი ბუნებრივი სასარგებლო წიაღისეულია, რადგანაც წყალი ორგანული თუ არაორგანული ბუნების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი და სიცოცხლის საწინდარია. საქართველოში 26 ათასზე მეტი მდინარე იღებს სათავეს, საერთო სიგრძით – 54768 კმ, მდინარეთა ქსელის საშუალო სიმჭიდროვე – 0,85 კმ/კმ2-ზე. მდინარეების ჩამონადენის საშუალო მრავალწლიური ჯამია 66 კმ3, რომლის 75% ფორმირდება დასავლეთ საქართველოში, დანარჩენი – აღმოსავლეთში.
მომხსენებელმა ამომწურავად ისაუბრა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წყლის რესურსების ათვისების თავისებურებებზე და აღნიშნა, რომ საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც მტკნარი სასმელი წყლების მნიშვნელოვან, ეკოლოგიურად სუფთა რესურსებს ფლობს. მომხსენებლის აზრით, საჭიროა გრძელვადიან პერიოდში უზრუნველყოფილი იქნას წყლის რესურსებზე შეუფერხებელი წვდომა, აუცილებელია, რომ შენარჩუნდეს წყლის ხარისხი, არ დაზიანდეს წყლის ეკოსისტემები, მაქსიმალურად მოხდეს წყლის რესურსების სამრეწველო ათვისება და ექსპორტზე გატანა. მისი არარაციონალური გამოყენება კი აფერხებს მდგრადობას და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.
სხდომაზე მოხსენებით ,,საქართველოს სამკურნალო და მაკურნებელი წყაროები’’ ასევე წარსდგა ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ნოდარ გრძელიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში ცნობილია 730-ზე მეტი დასახელების მინერალური წყალი, რომელთა ჯამური დღეღამური დებეტი 130 მლნ ლიტრს შეადგენს. მათგან 300-ზე მეტს დიდი სამრეწველო და ბალნეოლოგიური მნიშვნელობა აქვს. საქართველოს სამკურნალო წყლები მნიშვნელოვნად განსხვავდება თავიანთი ქიმიური შემადგენლობით და თერაპიული თვისებებით. ეს წყლები მდიდარია სხვადასხვა მინერალებითა და აირებით, მათ შორის ნახშირორჟანგით, გოგირდწყალბადით და რადონით, რომელთაგან თითოეულს განსხვავებული სამკურნალო თვისებები გააჩნია. კურორტების ბოლო კვლევა 1970 წელს მოხდა, ჩასატარებელია ახალი კვლევები, რომელიც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მან დამსწრე საზოგადოებას შესთავაზა ინოვაციური სისტემის სხვადასხვა მოდელი: „მეცნიერება–სახელმწიფო–ბიზნესი“; „მეცნიერება–სახელმწიფო–ბიზნესი–საზოგადოება“; „სახელმწიფო–მეცნიერება–ბიზნესი–საზოგადოება–გარემო“ და აღნიშნა, რომ სხვადასხვა მაღალგანვითარებული სახელმწიფოების მიერ სწორედ ამ მოდელების გამოყენების საშუალებით მოხდა ინოვაციური და ტექნოლოგიური განვითარების მიღწევა. მომხსენებლის თქმით, უნივერსიტეტებსა და ბიზნესს შორის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს უმაღლესი სასწავლებლების ბაზაზე არსებული მცირე ინოვაციური საწარმოები, ამ სახის ინოვაციური საწარმოების შექმნა, გარკვეული ხელშემწყობი პირობების შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე.
მომხსენებელმა ასევე ისაუბრა ეკლესია-მონასტრებსა და წმინდა ადგილებში არსებულ მაკურნებელ წყაროებზე.
სხდომა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. მოხსენებაზე სიტყვით გამოვიდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, აკადემიკოსები: დავით გურგენიძე, რამაზ ხეცურიანი, ბატონი რომან რურუა, ქალბატონი ნანა გიორგაძე, სტუ პროფესორები ნოდარ ფოფორაძე და გიორგი მაღალაშვილი. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები, ცენტრის წევრები, მოწვეული სტუმრები და დარგის სპეციალისტები. სხდომის დასასრული კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
სხდომაზე გადაწყდა, რომ მიმართვა წარედგინოს საქართველოს მთავრობას.