
ანა კალანდაძე – 100
- თებერვალი 15, 2025
მიმდინარე წლის 14 თებერვალს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ქართული პოეზიის დედოფლის, აკადემიკოს ანა კალანდაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო, რომელიც შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა.
ანა კალანდაძის პოეტური სტილი სისადავითა და ჰარმონიული ფორმით გამოირჩევა. კალანდაძის პოეზიამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება ლექსის სინატიფითა და პოეტური აზროვნების მაღალი კულტურით. მისი შემოქმედების ყველა თემა თუ მოტივი ლირიკული თვითგამოხატვით ცხადდება. ანა კალანდაძის პოეზია უხვად აისახა მუსიკალურ ხელოვნებაში. კომპოზიტორმა მერი დავითაშვილმა და ჟურნალისტმა თეიმურაზ ნაცვლიშვილმა პირველებმა მიმართეს ანა კალანდაძის პოეზიას ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში, შექმნეს რა ვოკალური ნაწარმოებები: სიმღერა „საქართველოო ლამაზო“ , რომანსები „არაბი ხარ“ და „თუთა“. ანა კალანდაძის ლექსებზე დაწერეს სიმღერები აგრეთვე გივი ციციშვილმა, ტარიელ ბაქრაძემ, ჯემალ ბეგლარიშვილმა, კახა ცაბაძემ და სხვებმა.
აკადემიაში გამართულ საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი, ლიტერატურათმცოდნე მაკა ჯოხაძე, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, იოსებ ჭუმბურიძე, მწერალი ჯემალ დავლიანიძე, ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი საბა მეტრეველი, რუსთაველის საზოგაოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი, ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი და პოეტის ოჯახის ახლობელი თინა ყანდარელი.
საღამოზე ნაჩვენები იყო მაკა ჯოხაძის დოკუმენტური ფილმი – „იდუმალება ანას პოეზიაში“. ანა კალანდაძის ლექსები კი წაიკითხეს მე-20 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.