ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა

  • მაისი 1, 2025

მიმდინარე წლის 30 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა თემაზე: “მარტყოფის გამარჯვების ისტორიული მნიშვნელობა (400 წელი) და გიორგი სააკაძის ფენომენი“; მომხსენებელი გახლდათ პროფესორი ვაჟა ოთარაშვილი.

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ.

მომხსენებელმა, პროფესორმა ვაჟა ოთარაშვილმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 7 აპრილს (ძვ. სტ. 25 მარტი) 400 წელი შესრულდა მარტყოფის ულევარას ველზე ქართველთა გამარჯვებისა გიორგი სააკაძის მეთაურობით ყიზილბაშთა 30000-იან ლაშქარზე. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ახლად აღმოჩენილ ევროპულ, ისტორიულ წყაროებზე (პიეტრო დელა ვალეს რელაციები, მამა ვინცენტი ჰორმუზელი, ჟოზებ კარსტის და სხვ.), რომელთა თანახმადაც გიორგი სააკაძეს შაჰ-აბასის იმპერიის დასამხობად ფარული ქმედებები დაუწყია 1615 წლიდან, ხოლო ამის თაობაზე უკვე დაუფარავად საუბრობს იტალიელ პილიგრიმთან და დიპლომატთან პიეტრო დელა ვალესთან 1620 წლის 20 სექტემბერს. ამასთან, ვაჟა ოთარაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული საარქივო-ისტორიული წყაროების თანახმად, გიორგი სააკაძე ქრისტიანია, როგორც ირანში, ასევე ოსმალეთში ბოლომდე.

მომხსენებელმა კიდევ ერთხელ დეტალურად აღწერა ახალ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით მარტყოფის აჯანყებისთვის ქართველთა სამზადისი დიდი მოურავის ხელმძღვანელობით. ვაჟა ოთარაშვილმა თვალნათლივ წარმოაჩინა გიორგი სააკაძის სამხედრო გეგმის უნიკალურობა მარტყოფის ველზე განლაგებული ირანელთა ჯარის ყოველი მხრიდან ერთდროული შეტევისა. მოხსენებისას დიდი ყურადღება დაეთმო იმას, რომ ამ ომში მონაწილეობას იღებდა სრულიად საქართველოს ყველა კუთხე-რეგიონი.

დასკვნის სახით ვაჟა ოთარაშვილმა მაღალი შეფასება მისცა გიორგი სააკაძის მეთაურობით მარტყოფის გამარჯვებას და აღნიშნა, რომ ამ გამარჯვებამ და ქართველი ხალხის შეუპოვრობამ მოძალებული მტრისადმი, სრულიად საქართველოს შეუნარჩუნა სახელმწიფოებრიობა, ხოლო ქართველ ერს – ქრისტიანული სარწმუნოება.

სასურველია, რომ სახელმწიფო დონეზე აღინიშნოს მარტყოფის გამარჯვების 400 წლისთავი, ხოლო ჩენს მართლმადიდებლურ ტაძრებში აღევლინოს ქართველ გმირთა სულის მოსახსენებელი წირვა-ლოცვა.

სხდომის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, ვიცე-პრეზიდენტმა რამაზ ხუროძემ, მანგლისის და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, მეუფე ანანიამ (ჯაფარიძე), წევრ-კორესპონდენტმა ელდარ ნადირაძემ და სხვ.