
სამეცნიერო წიგნის – ტურიზმოლოგია – წარდგინება
- მაისი 22, 2025
2025 წლის 20 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს ისტორიკოსტთა ეროვნული კომიტეტის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოებისა და ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის ერთობლივი სხდომა, რომელზეც ეკონომიკის დოქტორი, ტურიზმის ექსპერტი ნოდარ გრძელიშვილი წარსდგა მონოგრაფიით ,,ტურიზმოლოგია-მეცნიერება ტურიზმის შესახებ’’ პრეზენტაციით.
სხდომას უძღვებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, რომელიც გახლავთ აღნიშნული მონოგრაფიის მთავარი რედაქტორი.
მომხსენებელმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ტურიზმი გლობალური ინდუსტრიაა, რომელიც მუდმივად ვითარდება და დიდ როლს თამაშობს საზოგადოების ეკონომიკურ, სულიერ და სოციალურ-კულტურულ განვითარებაში. საქართველო გამორჩეულია მსოფლიოში უნიკალური ტურისტული პოტენციალით და მრავალფეროვნებით. სახელმწიფოს მიერ ტურიზმი ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებადაა აღიარებული, თუმცა ტურიზმის ინდუსტრიის განვითარება წარმოუდგენელია მასში ქვეყნის სამეცნიერო და აკადემიური წრეების სრულად ჩართვის – ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის ეფექტურად გამოყენების გარეშე.
ტურიზმის შესწავლა შედის მრავალი მეცნიერებისა და დისციპლინის ინტერესების სფეროში: ისტორიის, პოლიტოლოგიის, სოციოლოგიის, ფილოსოფიის, გეოგრაფიის, ეკოლოგიის, ფსიქოლოგიის, ანთროპოლოგიის, ეკონომიკის, მარკეტინგის და ა.შ. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე მეცნიერებაში არ არსებობს ყოვლისმომცველი ტურიზმის თეორია. დღესდღეობით არცერთ თეორიულ თვალსაზრისს, ცალკე აღებულს, არ შეუძლია განაცხადოს პრეტენზია ტურიზმის გაგების ამომწურავ ცოდნაზე. ტურიზმის მეცნიერული გაგების ფორმირებისთვის აუცილებელია დიდი რაოდენობის მოსაზღვრე მეცნიერების ცოდნის მოზიდვა – გამოყენება.
ტურიზმი, როგორც ღია მრავალფუნქციური სისტემა, როგორც პროცესი მუდმივ ურთიერთქმედებაშია გარემოსთან, რომელსაც ახასიათებს მაღალი ტურბულენტობა ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და სხვა ფაქტორების ზემოქმედების გამო.
ტურიზმი, როგორც მეცნიერება – ეს არის მრავალწახნაგოვანი ცნება, რომელსაც აქვს თავისი კონკრეტული საგანი. ეს არის არა უბრალოდ სოციოკულტურული ფენომენი, არამედ მოღვაწეობა, მიმართული ტურისტების სოციოკულტურული, ეკონომიკური და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. ასეთი სახით ტურიზმის შესახებ მეცნიერების წარმოჩენა, რომელიც დაფუძნებულია კვლევის ერთიან ობიექტზე, წარმოქმნის ტურიზმის მთლიან კონცეფციას და საკვლევ ველს სხვა მეცნიერებებისთვის.
მომხსენებლის განმარტებით – ტურიზმოლოგია არის მეცნიერება, რომელიც კრებს და აერთიანებს ტურიზმის შემსწავლელი სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინის მონაცემებს და ახდენს ტურიზმის ერთიანი კონცეფციის ფორმირებასა და განვითარებას. „ტურიზმოლოგია“ ყველაზე წარმატებული კონცეპტუალური სახით ასახავს ტურიზმის არსს, ტერმინი ხაზს უსვამს ტურიზმის შესახებ ცოდნის ფუნდამენტურ ხასიათს. მომხსენებლის პათოსია, რომ დაინერგოს ტერმინი ,,ტურიზმოლოგია’’, ე.ი. ეს სახელი ეწოდოს ,,მეცნიერებას ტურიზმის შესახებ’’.
სხდომის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, ვიცე-პრეზიდენტმა რამაზ ხუროძემ, აკადემიკოსმა გია ჯაფარიძემ, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ, მონოგრაფიის რეცენზენტმა – ნატა კვაჭანტირაძემ, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა, კულტუროლოგიისა და ხელოვნებათმცოდნეობის ექსპერტმა – ქეთევან ახობაძემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ქემერტელიძემ, ეკოლოგიის დოქტორმა, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის მიმართულების ასოცირებულმა პროფესორმა მაია აზმაიფარაშვილმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სამეცნიერო ჟურნალის ,,ბიზნესი და კანონმდებლობა’’ მთავარმა რედაქტორმა იური პაპასქუამ, ტექნიკის დოქტორმა, რობაქიძის უნივერსიტეტის ტურიზმის მიმართულების ასოცირებულმა პროფესორმა მაკა ფირანაშვილმა, დარგის სპეციალისტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა. გამომსვლელებმა შეაფასეს მონოგრაფიის პრიორიტეტულობა ჩვენი ქვეყნისთვის და ხაზი გაუსვეს ტურიზმის დარგის მნიშვნელობას და სამეცნიერო სივრცეში ტერმინ ,,ტურიზმოლოგიის’’, როგორც მეცნერებისა ტურიზმის შესახებ დანერგვის მიზანშეწონილობას.
მომხსენებელმა პასუხი გასცა დარბაზში დასმულ შეკითხვებს. მოხსენებამ მსმენელთა მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია.