
ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა
- ივლისი 21, 2025
მიმდინარე წლის 18 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც მოხსენებით წარსდგა ცენტრალური ჩინეთის ნორმალის უნივერსიტეტის სრული პროფესორი იუჯინ ვუ თემაზე – „მდინარე იანძის წყალშემკრებ აუზში კატასტროფული წყალდიდობები კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით“.
სხდომა გახსნა კომისიის თავჯდომარემ, აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა, რომელმაც კომისის სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მომხსენებელი და გადასცა სიტყვა პროფესორ იუჯინ ვუს.
მომხსენებელმა თავისი პრეზენტაცია ორ ნაწილად დაყო; პირველი შეეხებოდა მდინარე იანძის ჰიდროეკოლოგიურ პროცესებს, კერძოდ წყალდიდობების ფორმირებას და მის ნეგატიურ შედეგებს და მეორე – ჩინეთსა და საქართველოს შორის 20 წლიანი მეცნიერულ თანამშრომლობას.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მდინარე იანძი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მდინარეა. მდინარის აუზი და მისი დაბლობები ჩინეთის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური განვითარების რეგიონია. თუმცა, ეს რეგიონი ისტორიის მანძილზე ხშირი წყალდიდობების მსხვერპლია.
წყალდიდობების გამომწვევი მიზეზები მრავალია, მათ შორის თოვლის დნობა და ჩამონადენის სისწრაფე ციცაბო ტოპოგრაფიის გამო; ნიადაგის ეროზია ტყეების გაჩეხვის გამო, რაც იწვევს ჩამონადენის ზრდას, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში.
მუსონური ნალექები, ტაიფუნები სანაპირო ზოლის მახლობლად, მდინარის კალაპოტში ჯებირების სიმაღლის გაზრდის საჭიროებას წარმოადგენს ნალექების მატების გამო.
პროფესორმა იუჯინ ვუმ ყურადღება გაამახვილა კლიმატის ცვლილების გავლენაზე მდინარე იანძის ჩამონადენზე, მათ შორის კატასტროფული წყალდიდობების ფორმირებაზე. მან აღნიშნა, რომ ნალექები მდინარე იანძის წყალშემკრებ აუზში სულ უფრო მეტად კონცენტრირდება ზაფხულის თვეებში, ძლიერი წვიმიანი დღეების რაოდენობის ზრდით, რაც კატასტროფული წყალდიდობების ფორმირებას უწყობს ხელს.
მოხსენების მეორე ნაწილში აღინიშნა, რომ ცენტრალური ჩინეთის ნორმალის უნივერსიტეტსა და საქართველოს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტთან მეცნიერული თანამშრომლობა დაიწყო მაშინ, როდესაც პროფესორი გივი გავარდაშვილი ლექციებს კითხულობდა ჰესენის უნივერსიტეტში (გერმანია) და საქართველოში ჩინეთის საელჩოს ხელშეწყობით ხელი მოეწერა მეცნიერული თანამშრომლობის ხელშეკრულებას.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აკადემიკოს გივი გავარდაშვილის სალექციო კურსის ჩატარებაზე უკვე დიდი მოთხოვნაა ჩინეთში, რასაც ადასტურებს მისი ბოლო 2024 წელს ჩატარებული ლექციათა მთელი ციკლი თემაზე – ,,ინოვაციური მეცნიერების მიღწევები სამოქალაქო მშენებლობაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობაში‘’ სხვადასხვა უნივერსიტეტებში: ცენტრალური ჩინეთის ნორმალის უნივერსიტეტი (ქ. ვუჰანი), ჩინეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მდინარე იანძის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ქ. ვუჰანი), აღმოსავლეთ ჩინეთის ნორმალის უნივერსიტეტი (ქ. შანხაი), ჟეჯიანგის ნორმალის უნივერსიტეტი, (ქ. ჯინჰუა), ჯიუჯინგის უნივერსიტეტი (ქ. ჯიუჯინგი).
მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია, რაზედაც მეტყველებს პრეზენტაციის დროს დასმული მრავალი შეკითხვები და სურვილები მომავალი თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე.