ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- თებერვალი 27, 2019
2019 წლის 15 თებერვალს ჩატარდა ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა, სადაც განიხილეს ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ რამაზ ქაცარავას მოსხენება: „ფსევდოპროტეინები – ბიოდეგრადირებადი პოლიმერების ახალი ოჯახი და მათი პრაქტიკული გამოყენება“; ასეთი პოლიმერები სულ უფრო ფართოდ გამოიყენება მედიცინაში განწოვადი ქირურგიული მასალების და წამლის მიმწოდებელი სისტემების შესაქმნელად, რამაც განაპირობა მათთვის მრავალმილიარდიანი მსოფლიო ბაზრის არსებობა.
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში შემუშავებულია ახალი თაობის სინთეზური ბიოდეგრადირებადი პოლიმერები α-ამინომჟავების საფუძველზე, რომლებსაც აქვთ ცილებისაგან განსხვავებული მოლეკულური არქიტექტურა, ნაკლებად აღქმადი ორგანიზმის იმუნური სისტემის მიერ, რაც აშკარა უპირატესობაა ბუნებრივი წარმოშობის პროტეინებთან (კოლაგენთან) შედარებით. სინთეზირებულია სხვადასხვა კლასის ბიოდეგრადირებადი პოლიმერების ფართო ოჯახი, რომლებსაც ეწოდა ფსევდოპროტეინები. ეს ფსევდოპროტეინები პერსპექტიულია ყველა იმ სფეროში, სადაც გამოიყენება კოლაგენი. ფსევდოპროტეინებზე მიღებულია აშშ-ს 9, კანადის 1 და ჩინეთის 1 პატენტი, წარდგენილია 7 PCT საპატენტო განაცხადი. ფსევდოპროტეინით დაფარული ვასკულარული სტენტი გამოიყენება ევროპის კლინიკებში.