აკადემიკოს კორნელი კეკელიძის 140 წლის იუბილე
- მაისი 3, 2019
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 30 აპრილს ჩატარდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს კორნელი კეკელიძის დაბადებიდან 140 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ. სხდომას ასევე ესწრებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე.
მრავალსაუკუნოვან ქართულ მწერლობაში კორნელი კეკელიძეს გამორჩეული ადგილი უკავია. მეცნიერმა თავისი ღრმა განსაწავლულობა, ნიჭი და ენერგია მთლიანად შეალია ქართველოლოგიის, როგორც დარგის ჩამოყალიბებას და განვითარებას. მისმა ნაშრომებმა აამაღლა და განამტკიცა ქართული ფილოლოგიური მეცნიერების პრესტიჟი მთელ მსოფლიოში. დიდი მეცნიერი მონაწილეობას იღებდა პირველი ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების საქმეში. 1942-49 წლებში იგი განაგებდა მისი მონაწილეობით დაარსებულ შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს.
კორნელი კეკელიძე იკვლევდა ქართულ-ბიზანტიურ, ქართულ-სპარსულ ლიტერატურულ საკითხებს. მან თავისი წვლილი შეიტანა ქართული ისტორიოგრაფიის, ძველი ქართული დამწერლობის, ძველი ქართული წელთაღრიცხვის პრობლემათა შესწავლაში. მას გამოქვეყნებული აქვს ორასორმოცდაათზე მეტი ნაშრომი და მისი ხსოვნა სამარადისო იქნება ქართველ მეცნიერთა შორის.