ქართული მედიცინის აქტუალური საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომა
- მაისი 10, 2019
2019 წლის 8 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, გაიმართა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „ქართული მედიცინის აქტუალური საკითხების შემსწავლელი კომისიის“ პირველი სხდომა, რომელიც მიეძღვნა ონკოლოგიურ დაავადებებს. ღინოსძიება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ. საკითხის აქტუალობას განაპირობებს აღნიშნული დაავადებების მაღალი ავადობა და სიკვდილიანობა საქართველოში. სხდომაზე წარმოდგენილი იყო სამი მოხსენება: „ონკოლოგიურ დაავადებათა სკრინინგის პროგრამა საქართველოში: მიღწევები, პრობლემები, დახვეწის გზები“ (პროფესორი რემა ღვამიჩავა); „პროსტატის კიბო: ევროკავშირის მოთხოვნა სკრინინგის პროგრამის სასწრაფო განახლების შესახებ“ (არჩილ ჩხოტუა, საქართველოს უროლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი) და „ფარისებრი ჯირკვლის კიბო საქართველოში: სტატისტიკა, ტენდენციები, მართვის გაუმჯობესების გზები“ (პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი).
სხდომაზე განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: კანცეროგენები და მათი როლი საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების განვითარებაში; ონკოლოგიურ დაავადებათა სკრინინგის პროგრამის მიღწევები, ნაკლი და გაუმჯობესების გზები; პროსტატისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს აქტუალური საკითხები.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, აკადემიკოსები, ქართული მედიცინის ექსპერტები.
საკითხების მეცნიერული ანალიზის შედეგად, „ქართული მედიცინის აქტუალური საკითხების შემსწავლელი კომისია“ შეიმუშავებს სპეციალურ რეკომენდაციებს აღმასრულებელი სტრუქტურებისადმი (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სხვა) განხილული პრობლემატური საკითხების მართვის გზების გაუმჯობესების მიზნით.