აკადემიკოს თინათინ ყაუხჩიშვილის 100 წლის იუბილე
- მაისი 14, 2019
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2019 წლის 10 მაისს გაიმართა აკადემიკოს თინათიან ყაუხჩიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. მოხსენება – „აკადემიკოსი თინათინ ყაუხჩიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა“ წაიკითხა პროფესორმა ვალერი ვაშაკიძემ.
თინათინ ყაუხჩიშვილი მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად 1993 წელს აირჩიეს. იგი კლასიკური ფილოლოგიისა და ბიზანტინისტიკის სკოლის გამორჩეული წარმომადგენელია და ასობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მეცნიერის ინტერესთა სფეროში სამი ძირითადი მიმართულება გამოიყოფა: ქართულ-ბერძნული ენობრივი ურთიერთობები; ბერძნული ეპიგრაფიკა და საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები. თინათინ ყაუხჩიშვილმა უდიდესი ღვაწლი დასდო ძველბერძენ ავტორთა თხზულებებში საქართველოს შესახებ დაცული ცნობების ქართულ ენაზე თარგმნას.
ქალბატონმა თინამ უდიდესი სამეცნიერო მემკვიდრეობა დატოვა, რომლის სათანადოდ შესწავლა-გააზრებას და შეფასებას მონოგრაფიული კვლევა ჭირდება.