აკადემიკოს გუჩა კვარაცხელიას შეხვედრა მკითხველთან
- მაისი 28, 2019
მიმდინარე წლის 24 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა აკადემიკოს გუჩა კვარაცხელიას შემოქმედებითი საღამო – „შეხვედრა მკითხველთან“.
მეცნიერებათა აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი გუჩა კვარაცხელია იკვლევს ზოგადი ენათმეცნიერების, ტექსტის ლინგვისტიკის, ქართული ენის სტრუქტურისა და პრაგმატიკის საკითხებს; მას გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ენათმეცნიერების თეორიასა და ისტორიაში, აგრეთვე, მათემატიკურ ლინგვისტიკასა და ენის სტატისტიკური მეთოდებით კვლევის სფეროში. სამეცნიერო მუშაობის პარალელურად, გ. კვარაცხელია აქტიურ ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწევა. გამოცემული აქვს პოეტური კრებულები და დრამატურგიული ნაწარმოებები: „საით მიემართება დრო“ (1981); „უფრო მაღალი ცა“ (1987); „მართალთა და უღმრთოთა გზები“ (2000); „ჩვენ, ძილში გაპარულები“ (პიესები, 2000); „პოემები“ (2003); „დაქვრივებული სივრცე“ (2003); „ქალაქი ქალაქში“ (2005); „წერილები, ლექსები, დიალოგები“ (2009); „ათინათები“ (2015). მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. გ. კვარაცხელიას პიესები სხვადასხვა დროს იდგმებოდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და სოხუმის დრამატული თეატრების სცენაზე.
შეხვედრაზე, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, გაიმართა გ. კვარაცხელიას პოეტური კრებულის „ათინათების“ რუსულ და გერმანულენოვანი თარგმანების პრეზენტაცია. მკითხველთან შესახვედრად ისრაელიდან საგანგებოდ ჩამობრძანდა ლექსების რუსულად მთარგმნელი იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი – კონსტანტინე ლერნერი. რუსული თარგმანები დამსწრე საზოგადოებას წარუდგენა პროფესორმა, აკადემიკოსმა ინესა მერაბიშვილმა.
საღამოზე ნაჩვენები იქნა გ. კვარაცხელიას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ვიდეოფილმი.
გ. კვარაცხელია გატაცებულია მხატვრობით. 2010 წელს თბილისის „გალა-გალერეასა“ და 2015 წელს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა მისი პერსონალური გამოფენები. 2015 წელს წიგნად გამოიცა მისი გრაფიკული ნამუშევრები (60 რეპროდუქცია). 24 მაისს გამართულ შეხვედრაზე მკითხველებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ გუჩა კვარაცხელიას მიერ უკანასკნელ წლებში შესრულებულ გრაფიკულ ნამუშევრებს (210 რეპროდუქციას).
გუჩა კვარაცხელიას შემოქმედებით, სამეცნიეროსა თუ საზოგადოებრივ საქმიანობაზე ისაუბრეს აკადემიკოსმა მზექალა შანიძემ, პროფესორებმა თამაზ კვაჭანტირაძემ, ნანა მაჭავარიანმა, გია ჯოხაძემ, მედეა როგავამ, მსახიობმა ჟანრი ლოლაშვილმა, რეჟისორმა გოგი ქავთარაძემ. თითოეულ სტუმარს ღონისძიების ბოლოს საჩუქრად გადაეცა წიგნები, რომელთაგან ერთ-ერთი – „მოვალე ვარ ქართველთათვის“–სულხან-საბა ორბელიანის ღვაწლს აღწერს და საგანგებოდ ამ დღისათვის გამოიცა.