ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- ივნისი 14, 2019
2019 წლის 14 ივნისს ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების სხდომაზე, განხილულ იქნა ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების თავჯდომარის ასმათ ლალი მესხის მოხსენება: „ქართული ხორბლის ენდემური სახეობების და ხალხური სელექციით მიღებული ადგილობრივი ჯიშების კონსერვაცია: დაცვა, გამრავლება და მდგრადი გამოყენება“.
მომხსენებელმა ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ ხორბალი ჩვენი ეროვნული საგანძურია; აღიარებულია, რომ საქართველოს ტერიტორია რბილი ხორბლის წარმოშობის და დომესტიკაციის ერთ-ერთი კერაა. არქეოლოგიურ ძეგლებზე ნაპოვნი ხორბლის კარბონიზირებული მარცვლები ადასტურებს რეგიონში ხორბლის კულტურის მოშინაურების, სელექციისა და მოხმარების უწყვეტ ათასწლოვან გამოცდილებას და ტრადიციას. მსოფლიოში აღრიცხული ხორბლის 25 სახეობიდან 15 სახეობა საქართველოშია აღწერილი და რეგისტრირებული, მათგან 5 ენდემია და ენდემების ასეთი რაოდენობა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მოიპოვება. ენდემები გამოირჩევიან მძლავრი იმუნური სისტემით, შემგუებლობით, სტაბილური მოსავლიანობით, მაღალი კვებითი ღირებულებით და შესანიშნავი გემოთი. ამ თვისებების გამო ქართული ენდემები შესანიშნავი სასელექციო მასალაა და მათ დიდი მნიშვნელობა აქვთ ხორბლის გვარის წარმოშობისა და მოშინაურების პროცესის შესწავლისათვის. სამწუხაროდ, ხორბლის ეს უძვირფასესი სახეობები და ჯიშები გადაშენების პირასაა, ისინი თანამედროვე მაღალმოსავლიანმა ჯიშებმა განდევნა წარმოებიდან. დღეს მსოფლიო აღიარებს ხორბლის უხვმოსავლიანი ჰიბრიდებისა და ჯიშების პრობლემებს და ტრადიციული ადგილობრივი ჯიშების წარმოებაში დაბრუნების გზებს ეძებს.
გრძელვადიანი და თანმიმდევრული, ხელშემწყობი სახელმწიფო პოლიტიკის პირობებში და სახელმწიფოს, კერძო სექტორის, არასამთავრობო სექტორის, დონორების თანამშრომლობით შესაძლებელია ხორბლის ქართული სახეობებისა და ჯიშების გენეტიკური რესურსების აღდგენა და წარმოებაში დაბრუნება, რაც ხელს შეუწყობს სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სოფლებში მოსახლეობის ტრადიციული წეს-წყობისა და სოციუმის აღდგენას, სოფლის გაძლიერებას, ტურიზმის განვითარებას, შემოსავლების ზრდას.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ პურის მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე, ტექნ. მეცნ. დოქტორი მალხაზ დოლიძე, ფერმერები ირაკლი რეხვიაშვილი და ანზორ მაისურაძე, სელექციონერი ზაურ ჭიკაძე, აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, აკადემიის წევრები რამაზ ხუროძე, თინათინ სადუნიშვილი, ალექსანდრე დიდებულიძე, ვლადიმერ ციციშვილი. მიღებული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.