შეხვედრა გერმანელ ქართველოლოგთან იოსტ გიპერტთან
- ივნისი 27, 2019
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 27 ივნისს შედგა შეხვედრა ცნობილ გერმანელ ქართველოლოგთან და აკადემიის უცხოელ წევრთან იოსტ გიპერტთან, ასევე მოეწყო მისთვის უცხოელი წევრის დიპლომის გადაცემა. შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, შემდეგ სიტყვა გადაეცა აკადემიკოს მზექალა შანიძეს, რომელმაც დაწვრილებით მიმოიხილა იოსტ გიპერტის შემოქმედებითი და მეცნიერული გზა.
იოსტ გიპერტი გახლავთ მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, იგი არის 200-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრი, მათ შორის, გელათის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო უნიევრსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. თავისუფლად ფლობს ქართულ ენას და იცის სვანური. მან მრავალი ქართველოლოგიური ნაშრომი გამოაქვეყნა უცხოურ ჟურნალებში გერმანულად და ინგლისურად. მან საქართველოში ჩამოიტანა და ქართველ კოლეგებს გადასცა ათონურ ქართულ ხელნაწერთა სრული ელექტრონული ვერსია. ხელნაწერთა ეროვნულ ცენრთან თანამშრომლობით გიპერტმა გამოაქვეყნა გერმანულად წიგნი „ქართული ხელნაწერები“.
მისი ინიციატივით 2002 წელს ფრანკფურტის უნივერსიტეტში დაარსდა კავკასიოლოგიის კათედრა, რომელზეც დღესაც იკითხება ძველი ქართული ენა, ახალი ქართული ენა, მეგრული, ლაზური, სვანური, კავკასიის ალბანური და სხვა.
გიპერტმა გერმანულად თარგმნა გალაკტიონ ტაბიძისა და რატი ამაღლობელის ლირიკა.
შეხვედრის დასასრულს აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა აღნიშნა, რომ – 2021 წელს მეცნიერებათა აკადემიას უსრულდება 80 წელი და ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჩატარდება ქართველოლოგიური კონგრესი, რომელზეც მოწვეულია იოსტ გიპერტი.