მემორანდუმი რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიასთან
- ივლისი 9, 2019
მიმდინარე წლის 30 ივნისს სამი დღით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ესტუმრა 2 კაციანი დელეგაცია რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის ვიქტორ სპინეის ხელმძღვანელობით, მეორე სტუმარი გახლდათ იონელ კანდეა – რუმინეთის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
2 ივლისს კი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ორმხრივ მემორანდუმზე ხელმოწერა. ორმხრივად სასარგებლო გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარების მიზნით, ხელი მოეწერა მემორანდუმს ორ აკადემიას შორის. ასევე ხელი მოეწერა განზრახულებათა წერილს, რომელსაც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხრიდან ხელს აწერს აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ხოლო თსუ მხრიდან დოქტორი გიორგი შარვაშიძე, რუმინეთის მხრიდან აკად. ვიქტორ სპინეი, ბუქარესტის უნივერსიტეტის მხრიდან ხელმოწერილია დოქტორ მირჩეა დუმიტრუს მიერ.
როგორც განზრახულობათა წერილშია აღნიშნული, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისა და ორმხრივად სასარგებლო გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარების მიზნით, მხარეები დაინტერესებულნი არიან, ხელი შეუწყონ ქართულ-რუმინული ურთიერთობების განმტკიცებას და ერთობლივი ძალისხმევით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების 300 წლის იუბილე აღნიშნონ ქართველი და რუმინელი ისტორიკოსებისგან შემდგარი ერთობლივი სამეცნიერო კომისიის ჩამოყალიბებით.
რაც შეეხება ორმხრივ მემორანდუმს, მას ქართული მხრიდან ხელს აწერს აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ხოლო რუმინეთის მხრიდან პრეზიდენტი იოან-აურელ პოპი. მემორანდუმში ნათქვამია, რომ სამეცნიერო სფეროში, საქართველოსა და რუმინეთს შორის თანამშრომლობის განვითარების, ორი ქვეყნის შესაბამის სამეცნიერო ინსტიტუციებს შორის უკეთესი ურთიერთგაგებისა და კონტაქტების ჩამოყალიბების მიზნით, თანმხდებიან ხელი მოაწერონ ამ მემორანდუმს. ხოლო, წინამდებარე შეთანხმების მთავარი მიზანია, გახდეს მხარეთა შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების საფუძველი.