ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა
- ივლისი 26, 2019
24 ივლისს ჩატარდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის მორიგი სხდომა. მოსმენილი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის მარიამ ელიზბარაშვილის და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის სერტიფიცირების სპეციალისტის თეკლა გურგენიძის მოხსენება – საქართველოში მიმდინარე კლიმატური ცვლილებები და მათი შესაძლო გავლენა ნიადაგების საზღვრების გადაადგილებაზე (თრიალეთის ქედის აღმოსავლეთის ნაწილის მაგალითზე).
გლობალური დათბობა და მასთან დაკავშირებული რეგიონულიი კლიმატის ცვლილება თანამედროვეობის უმნიშვნელივანესი პრობლემაა. საუკუნის დასასრულს მოსალოდნელია საშუალო გლობალური ტემპერატურის გაზრდა 1.5-დან 50C-მდე, ტემპერატურის ცვლილებები განსხვავდება გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და წელიწადის დროის მიხედვით. ტემპერატურისა და ნალექების ექსტრემალური მნიშვნელობების ცვლილებები, სავარაუდოთ, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე საშუალო მნიშვნელობების თანდათანობითი ცვლილებები. მოხსენებაში განხილულია თანამედროვე გლობალური დათბობა და მის ფონზე საქართველოში კლიმატის ცვლილების ძირითადი ტენდენციები. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილებულია თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე კლიმატურ ცვლილებებზე, რაც კარგად ჩანს მეტეოროლოგიური სადგურის კოჯრის მონაცემებიდან. ბოლო წლების კლიმატის შეცვლა ყველაზე „ეფექტურად“ უნდა აისახოს ნიადაგების თვისებებსა და გეოგრაფიაზე. უპირველეს ყოვლისა, ეხება ნიადაგის არეს რეაქციასა და კარბონატების შემცველობას. შედარების შესაძლებლობები შეზღუდულია მხოლოდ კარბონატული და უკარბონატო ნიადაგების შეხების სივრცეში. 2014 და 2019 წლებში ჩატარდა კვლევები დაბა წყნეთის ზედა საზღვარზე 1300 მეტრზე ორი ექსპოზიციის პირობებში. კერძოდ, 2014 წელს ჩატარდა საერთაშორისო საველე სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ნიადაგმცოდნეობაში, სადაც ერთ-ერთი სადემონსტრაციო ობიექტი იყო სწორედ საზღვარი 1300 მეტრის სიმაღლეზე, ხოლო 2019 წელს (მხოლოდ 5 წლის შემდეგ) მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა – ყომრალი და ყავისფერი ნიადაგების არეალი საგრძნობლად შეცვლილია – ჩრდილოეთ ექსპოზიციაზე, სადაც იყო მხოლოდ მჟავე ნიადაგები, ეხლა აღინიშნა ტუტე ნიადაგები კარბონატების შემცველობით. ეს კანონზომიერება ყველგან არ დადგინდა, რაც მიუთითებს „მცოცავ“ კანონზომიერებაზე.
ავტორები აღნიშნავენ, რომ ჯერ არ არის ცნობილი საქართველოს პირობებში ნიადაგების შეცვლის შესწავლა კლიმატთან დაკავშირებით და მიაჩნიათ, რომ ამ მიმართულებით მკვლევარებს კიდევ მრავალი საინტერესო შედეგი ელოდება.