მემორანდუმი ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიასთან
- სექტემბერი 19, 2019
საქართველოს ორ დღიანი ვიზიტით ეწვია ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერთა 8 წევრიანი დელეგაცია, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორ, ვიცე-პრეზიდენტ იაპინ ჩჟანის თაოსნობით. ჩინელების დელეგაცია 18 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას პეკინიდან ესტუმრა. მათ მასპინძლობდნენ ჩვენი მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე და აკადემიის წევრები. ორმხრივი შთაბეჭდილებების, საუბრის და აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემდგომ, მოხდა ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერა.
მემორანდუმის მიზანია – მხარეებმა განავითარონ თანამშრომლობის საერთო ინტერესები ყველა სფეროში. თანამშრომლობა მოიცავს ყველა იმ დისციპლინას, რომლებითაც დაინტერესებულნი არიან მხარეები: მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მედიცინა, გეოლოგია, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა და ინჟინერია, ინფორმატიკა და გარემოს დაცვა.
მემორანდუმში ასევე ნათქვამია, რომ მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას ერთობლივი კვლევითი პროექტების, მეცნიერ-მკვლევართა გაცვლის, ნებისმიერი მხარის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო შეხვედრებში მონაწილეობის, ერთობლივი სიმპოზიუმების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების მოწყობით.
მემორანდუმს ხელი მოეწერა ინგლისურ, ჩინურ და ქართულ ენებზე. საქართველოს მხრიდან მემრანდუმს ხელს აწერს პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ხოლო ჩინური მხრიდან – ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი იაპინ ჩჟანი.