მეცნიერების მსოფლიო დღე
- ნოემბერი 8, 2019
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გაიმართა საზეიმო სხდომა, რომელიც მიეძღვნა მეცნიერების მსოფლიო დღეს.
2001 წელს „იუნესკოს“ მიერ დაფუძნებული მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის, ყოველწლიურად აღინიშნება ნოემბრის თვეში მსოფლიო მასშტაბით. ეს დღე დაარსდა მეცნიერების მსოფლიო კონფერენციაზე, რომელიც ასევე „იუნესკოს“ ეგიდით ჩატარდა ბუდაპეშტში (უნგრეთი) 1999 წელს მეცნიერების საერთაშორისო კავშირის მიერ.
ყოველწლიურად ამ თარიღის აღნიშვნა ემსახურება იმ მიზანს, რომ გააცნოს საერთაშორისო საზოგადოებრიობას მეცნიერების როლის აუცილებლობა. ამგვარად, მეცნიერების მსოფლიო დღე ეხმარება მეცნიერებს, აჩვენოს ფართო საზოგადოებას, რა ადგილი უკავია მას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაც არ ჩამორჩება ამ საყოველთაო ზეიმს და ყოველწლიურად აღნიშნავს ამ თარიღს. წლეულს ეს ღონისძიება ჩატარდა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად. სხდომა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ და დამსწრე საზოგადოებას ეს დღე და აგრეთვე ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე მიულოცა. შემდეგ სიტყვა გადაეცა სოფლის მეურნეობის აკადემიის პრეზიდენტს გურამ ალექსიძეს. მეცნიერები დალოცა პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ და საპატრიარქოს სახელით ყველას მიესალმა. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელმაც თავის გამოსვლაში აღნიშნა – „მეცნიერების გარეშე ვერცერთი ერი მომავალს ვერ შექმნის. მეცნიერებას შეუძლია წარსული და მომავალი დააკავშიროს, თაობებს შორის თანამშრომლობა და საერთაშორისო საზოგადოებასთან კავშირი უზრუნველყოს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია გელათისა და იყალთოს აკადემიების ტრადიციების მემკვიდრეა და ინახავს, თაობებს გადასცემს ცოდნას, რომლის შექმნას ასწლეულები სჭირდება. ეს ცოდნა უფრო აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული“.
პარლამენტის თამჯდომარის გამოსვლის შემდეგ სიტყვა დაეთმო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს ნოდარ ჭითანავას, რომელმაც მოხსენება გააკეთა მიწის რესურსების რაციონალური გამოყენების პრობლემების შესახებ საქართველოში.
მეცნიერების მსოფლიო დღის მნიშვნელოვანი საკითხი გახლდათ გამოჩენილ მეცნიერთა სახელობის აკადემიური პრემიის ლაურეატებისთვის დიპლომების გადაცემა. დიპლომები გადაეცათ: აკადემიკოს ავთანდილ კორახაშვილს – ლეონარდე დეკაპრელევიჩის სახელობის პრემია ნაშრომისათვის – „აგროტექნოლოგიური ნორმატივები“ და პროფესორ დუდანა გაჩეჩილაძეს ფრიდონ თოდუას სახელობის პრემია ნაშრომისათვის – „ექსტრაკრანიული სისხლძარღვთა პათოლოგიების არაინვაზიური სხივური დიაგნოსტიკა“.
ხოლო დარგში წარმატებულ მეცნიერთა საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ: მეცნიერებათა დოქტორი თამარ ბელაშვილი – ხელოვნებათმცოდნეობის დარგში; აკად. წევრ-კორ. გურამ გაბრიჩიძე – სამშენებლო მექანიკის დარგში; მეცნ. დოქტ. გივი გავარდაშვილი – ჰიდრომელიორაციის დარგში; პროფესორი ლერი გვასალია – ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების დარგში; აკად. წევრ-კორ. გიორგი გოგიჩაიშვილი – მართვის სისტემების დარგში; პროფესორი თამარ კაჭარავა – აგროტექნოლოგიის დარგში; პროფესორი ირინე კვაჭაძე – მედიცინის დარგში; აკად. დოქტ. ზაზა ლეჟავა – სპელეოლოგიის დარგში; სოფლ. მეურ. მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი – აგროქიმიის დარგში; მეცნ. დოქტ. გიორგი მაჩაბელი – ფიზიკის დარგში; პროფესორი მიხეილ მახარაძე – ფილოსოფიის დარგში; პროფესორი ნარგიზ ნაჭყებია – ფიზიოლოგიის დარგში; აკად. დოქტ. ალექსი პაჭკორია – მათემატიკის დარგში; პროფესორი ჯაბა სამუშია ისტორიის დარგში; პროფესორი გიორგი ქოჩიაშვილი – მედიცინის დარგში; პროფესორი ელისო ყვავაძე – პალინოლოგიის დარგში; პროფესორი ელმირა ჩხიკვაძე – ელეტროქიმიის დარგში; აკად. დოქტ. კუკური წიქარიშვილი – სპელეოლოგიის დარგში; აკად. დოქტ. გიორგი ჭეიშვილი – ისტორიის დარგში; პროფესორი ჯუმბერ ხანთაძე – არაორგანული მასალათმცოდნეობის დარგში; აკად. ელუჯა ხინთბიძე – ქართული ლიტერატურის დარგში; პროფესორი გიორგი ჯაფოშვილი – ენტომოლოგიის დარგში; პროფესორი მარიკა ჯიქია – აღმოსავლეთმცოდნეობის დარგში.
და ბოლოს, სოფლის მეორნეობის აკადემიის პრეზიდენტმა გურამ ალექსიძემ თავიანთი აკადემიის სიგელით დააჯილდოვა – აკადემიკოსი ოთარ ნათიშვილი, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა და გიორგი ნიკოლეიშვილი.