აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე – 110
- ნოემბერი 22, 2019
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 22 ნოემბერს ჩატარდა გამოჩენილი ქართველი პოეტ-აკადემიკოსის, საზოგადო მოღვაწის ირაკლი აბაშიძის დაბადებიდან 110 წლის იუბილე.
ირაკლი აბაშიძის სახელთანაა დაკავშირებული არაერთი მამულიშვილური საქმე: იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიცია, რუსთაველის 800 წლის იუბილე, ქართული ენდიკლოპედიის დაარსება და ა. შ. ირაკლი აბაშიძე წლების განმავლობაში თავმჯდომარეობდა მწერალთა კავშირს, იყო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და რაც მთავარია, ქართული პოეზიის ცის კაბადონზე გაიელვა მისმა ფილოსოფიურმა ლირიკამ.
გზა რუსთაველის ნაკვალევზე, ანუ ზოგადად სვლა რუსთაველისკენ, ღმერთთან დაბრუნების გზაც იყო. მეოცე საუკუნის საქართველოში ირაკლი აბაშიძის თაოსნობით მოწყობილმა ყველაზე გრანდიოზულმა დღესასწაულმა – რუსთაველის 800 წლის იუბილემ „წერტილი დაუსვა ქართველთა ლანძღვა-გინებას“ და მაშინ, როდესაც მთელ საბჭოეთში ამსხვრევდნენ ქართველი ბელადის ძეგლებს, უპირველესი ქართველის – რუსთაველის ძეგლი აღიმართა სწორედ საბჭოეთის დედაქალაქში – მოსკოვში.
მისი „პალესტინა, პალესტინა“ პოეტური გარდასახვის, ფანტაზიის, ცნობიერების, გემოვნების, ცხოვრებისეული სტილისა და ეპოქის ენის, სიტყვასთან და სიცოცხლესთან ჭიდილის ძეგლია.
ცხოვრებამ ურთულეს გზებზე ატარა ირაკლი აბაშიძე, ჰქონდა მაღალი თანამდებობები, პოლიტიკური რეჟიმი ითხოვდა კომპრომისებს, მაგრამ არ გაუცვლია და არ გაუყიდია არც სამშობლო და არც პირადი ღირსება.
შთამომავლობას დარჩა მისი პოეზია და ქართული საქმე.