აკადემიკოსი შალვა ამირანაშვილი -120
- ნოემბერი 27, 2019
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 27 ნოემბერს ჩატარდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ აკადემიის წევრები, მოწვეული სტუმრები და საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები. მოხსენებით – „აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა“ საზოგადოების წინაშე წარსდგა პროფესორი ნათელა ჯაბუა. შემდეგ დრო დაეთმო გამოსვლებსა და მოგონებებს.
უდიდესია შალვა ამირანაშვილის ღვაწლი ქართულ ისტორიაში და განსაკუთრებით ხელოვნებათმცოდნეობაში. მისმა ფუნდამენტურმა ნაშრომებმა ქართულ ხელოვნებათმცოდნეობაში მსოფლიო აღიარება ჰპოვეს. მისი ქართული ხელოვნების ისტორია, სადაც პირველმა გამოიყენა ქართული არქეოლოგიის მონაცემები, გამოიცა რამდენჯერმე ქართულად, რუსულად და პოლონურად. საეტაპო არის მისი გამოკვლევები ქართულ კედლის მხატვრობაში, მინიატურაში, ხატმცოდნეობაში, ოქრომჭედლობაში, მინანქარში, ირანულ კედლის მხატვრობაში, არქეოლოგიური არტეფაქტების კვლევაში, თანამედროვე ქართულ სახვით ხელოვნებაში და სხვ. ქართული მინანქრის შესახებ მისი ფუნდამენტური გამოკვლევა დაიბეჭდა საფრანგეთში (1962), იტალიაში (1963), ამერიკის შეერთეულ შტატებში (1964), სადაც ჩვენს მინანქარს აღმოსავლეთის საოცრება უწოდეს. შალვა ამირანაშვილმა გააცნო მსოფლიოს ქართული ოქროქანდაკებლობა ჩეხურ, გერმანულ, ფრანგულ ენებზე, რომლებიც გამოიცა ჩეხეთში, ხოლო ინგლისურად ამერიკაში, კანადაში, ავსტრალიაში და დიდ ბრიტანეთში. საფრანგეთიდან ქართული საგანძურის ჩამოტანის საქმეში მას დიდი წვლილი მიუძღის. მან ნიკო ფიროსმანაშვილის ხელოვნება ფართოდ გააცნო ევროპას და მოაწყო მისი ნახატების გამოფენა საფრანგეთში, გერმანიაში, ჩეხეთში, ავსტრიაში და სხვაგან.
მისი ძალისხმევით აღორძინდა მუზეუმი „მეტეხი“ ქართული ხელოვნების მუზეუმად და ბინა დაიდო საკუთარ შენობაში, რომლის დირექტორი იყო 1939 წლიდან გარდაცვალებამდე (1975 წ.). შალმა ამირანაშვილი იყო თბილისის უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი (1918 წ.) და პირველი (1922 წ.) გამოშვება. მან საქართველოში პირველმა დაიცვა ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი (1936 წ.). იგი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც ხელოვნებათმცოდნეების მთელი თაობა აღზარდა.
ის იყო არჩეული საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად (1943), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად (1955), საფრანგეთის სააზიო საზოგადოების ნამდვილ წევრად (მეოთხე ქართველი), საერთაშორისო და საკავშირო მუზეუმების საბჭოს ნამდვილ წევრად, მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწედ და მიღებული ჰქონდა ორდენები და მედლები, მათ შორის ლენინის ორდენი.
ამ საიუბილეო თარიღისადმი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გამოსცა შალვა ამირანაშვილის ნარკვევი – „ტურიზმი და მატერიალური კულტურის ძეგლები“, რომელსაც დღესაც არ დაუკარგავს თავისი აქტუალობა.