ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა
- დეკემბერი 5, 2019
მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შედგა სამუშაო შეხვედრა, რომლის მთავარი მიზანი იყო საქართველოში კატასტროფის მართვის სისტემის შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა სამეცნიერო და აკადემიურ წარმომადგენლებს, შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და საქართველოში წარმოდგენილ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის, ასევე, სამომავლო გეგმების დასახვა „საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების 2017-2020 წ.წ. ეროვნული სტრატეგიით“ გაწერილი პრიორიტეტული მიმართულებების შესრულების ხელშეწყობის მიზნით.
შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე.
მოსმენილ იქნა შემდეგი მოხსენებები:
კატასტროფის რისკის მართვის ეროვნული სისტემა (რუსუდან კახიშვილი – ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი);
საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემა (ლევან გელაშვილი – შსს სსდ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური);
საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს მიერ განხორციელებული საქმიანობა (მარინა სალუქვაძე – შსს სსდ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური);
პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ევროკავშირის დაფინანსებული კატასტროფის რისკის შემცირების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა (თეონა ჯულუხაძე – არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) საქართველოში);
მეცნიერებისა და განათლების როლი კატასტროფების რისკის შემცირების სისტემაში (გურამ გაბრიჩიძე – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია).
შეხვედრის დამთავრებისას გაიმართა დისკუსია, განხილული იქნა შენიშვნები და წინადადებები.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან, გადასცა მას დოკუმენტი, რომელიც შეიძლება გახდეს კატასტროფების რისკის შემცირების სამოქმედო პროგრამის საფუძველი.