ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა
- დეკემბერი 12, 2019
2019 წლის 11 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი იყო მოხსენება თემაზე – „ცოცხალი ორგანიზმების ევოლუციის რადიობიოლოგიური ასპექტები“. მომხსენებლები: ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი მიხეილ გოგებაშვილი და ამავე ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნაზი ივანიშვილი. მოხსენებაში განხილულია რადიობიოლოგიის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი-რადიაციის როლი ევოლუციურ პროცესებში და დედამიწაზე ცოცხალი ორგანიზმების წარმოშობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები.
საქართველოსთვის ხორბალს, ისევე როგორც ვაზს, გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა, უდიდესი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამითაა განპირობებული ის დიდი ინტერესი, რომელსაც ხორბლის წარმოშობისა და გავრცელების საკითხებთან მიმართებაში განხორციელებული სამეცნიერო კვლევები იწვევენ.
გარემოში რადიაციული ფაქტორის არსებობისას მიმდინარეობს ადაპტაციური ეფექტების მექანიზმების მიმართული ფორმირება. ეს ფენომენი დადასტურებულია ქართული ხორბლის სახეობათა პოლიპლოიდიზაციის პროცესების კვლევებით. ქართული ხორბლის აღმოჩენის ზონის რადიობიოლოგიური პარამეტრების ანალიზის საფუძველზე დიდი ალბათობით შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, მოცემული ზონის ფარგლებში, გენოტიპების ფორმირებაში რადიაციული ფაქტორის მონაწილეობის შესახებ. ავტორების ვარაუდით, იზოლირებული მთიანი ეკოსისტემების ევოლუციური პროცესების თავისებურებებთან დაკავშირებული დეტალური საკითხების შემდგომი კვლევა მულტიდისციპლინურ მიდგომებს მოითხოვს.