საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა
- თებერვალი 17, 2020
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2020 წლის 12 თებერვალს ჩატარდა აკადემიის „მთის“ კომისიის მორიგი სხდომა (სხდომის თავმჯდომარე აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, სწავლული მდივანი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი მირონ ფირცხელანი).
კომისიის სხდომაზე მოსმენილ იქნა საკითხი ლენტეხი-მესტიის გზის და გვირაბის მშენებლობის შესახებ. ეს პროექტი უნიკალურია ქვეყნის მასშტაბით, როგორც სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე სამხედრო დანიშნულებით. გარდა ამისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მესტიის, ლენტეხის, ლეჩხუმის, რაჭის, წაყლტუბო-ქუთაისის, საჩხერე-ჭიათურის და დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონების მოსახლეობისათვის, როგორც სოციალ-ეკონომიკური გაჯანსაღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო. იმისთვის, რომ მესტიიდან ლენტეხში ჩახვიდეთ, 300 კმ უნდა გაიაროთ, მაშინ, როდესაც გვირაბის მეშვეობით ეს გზა 36 კმ-მდე მცირდება.
2012 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, პოლიტიკური პარტია „ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა და შემდგომში პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სვანეთის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ იცოდა მოსახლეობის გასაჭირი და მესტია-ლენტეხს შორის უმოკლეს (გვირაბით) გზას გაიყვანდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო პროექტზე ზრუნვა, რაც ამჟამად დასრულებულია. თუმცა მოსახლეობა შიშობს, რომ მშენებლობა არ დაიწყება და დაპირება კვლავ დაპირებად დარჩება. ბოლო წლებია კეთდება მესტია-უშგული-ჩიხარეში-ლენტეხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, რაც მისასალმებელია. მაგრამ, ეს გზა ზამთრის პირობებიდან გამომდინარე, მაინც შეზღუდულია. ამიტომ, თუ გვინდა, რომ სვანეთი – როგორც საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარე ბართან მუდმივ (ზამთარ-ზაფხულ) კავშირში იყოს, აღნიშნული გზის მშნებლობა დროულად უნდა დაიწყოს.
კომისიის წევრებმა დაადგინეს, რომ ეთხოვოს გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, უშუალოდ მინისტრს მაია ცქიტიშვილს, „მთის“ კომისიის წინაშე წარმოადგინოს მთავრობის ხედვა აღნიშნულ საკითხზე.