ლია მელიქიშვილის წიგნის წარდგინება
- მარტი 2, 2020
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2020 წლის 28 თებერვალს გაიმართა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ეთნოლოგის ლია მელიქიშვილის წიგნის – „ტრადიციული კულტურა და საზოგადოება“ წარდგინება (რედაქტორები: აკადემიკოსები როინ მეტრეველი და დავით მუსხელიშვილი). წიგნი წარმოადგენს საზღვრისპირა რეგიონებში მრავალწლიანი მუშაობის შედეგს; ადამიანის და საზოგადოების მთლიანობაში შესწავლით განსაზღვრულია ტრადიციული კულტურის როლი ახალი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. როგორც წინათქმაშია ნათქვამი, – „წინამდებარე წიგნის ავტორმა მიზნად დაისახა საქართველოს საზღვრისპირა რეგიონის პოლიეთნიკური საზოგადოების შესწავლა, რადგანაც მოცემული არეალის კვლევა და იქ მიმდინარე პროცესების შესწავლა შესაძლებლობას იძლევა მეცნიერულად გაანალიზდეს არა მარტო მიკრორეგიონული პროცესები, არამედ განისაზღვროს ჩრდილო კავკასიასთან და ახლოაღმოსავლეთთან ურთიერთობისას ქვეყნის უსაფრთხოების შემდგომი სტრატეგიის საფუძვლებიც. ცნობილია, რომ მრავალეროვნულ ქვეყნებში ერთაშორისი ურთიერთობის, ეროვნული პოლიტიკისა და ეროვნული ინტეგრაციის პრობლემა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო მოწყობის სტრატეგიას. ეს ნაშრომი ეხება ამ რეგიონის საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს, რაც დიდად არის დამოკიდებული დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე. სწორედ ამიტომ, ამ პროცესების შესწავლა მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოების განვითარების სტრატეგიის გამოსავლენად“.
წიგნმა უმაღლესი შეფასება მიიღო გამომსვლელი კოლეგების მხრიდან, როგორც უმნიშვნელოვანესმა კვლევითმა ნაშრომმა, მონოგრაფიამ.