საქართველოში მედიცინის აქტუალურ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა
- მარტი 4, 2020
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 27 თებერვალს ჩატარდა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალურ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის“ მე-5 სხდომა, რომელიც მიეძღვნა ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, როგორიცაა საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა.
სხდომა გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. მასში მონაწილეობა მიიღეს: კომისიის თავმჯდომარემ, პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ; ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა ნოდარ მითაგვარიამ; პარლამენტის ჯანმრთელობის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ამირან გამყრელიძემ; ს.ს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ, აკადემიკოსებმა, დარგის ექსპერტებმა.
პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ, თავის მოხსენებაში მიმოიხილა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განვითარების მოკლე ისტორია და ძირითადი ეტაპები. მან ხაზი გაუსვა ამ პროგრამის მიზანს, ამოცანებსა და ძირითად მახასიათებლებს. აღინიშნა, რომ პროგრამის საბოლოო მიზანია დაავადების ახალი შემთხვევების ნულამდე დაყვანა და ინფიცირებულ პირთა რაოდენობის 90%-ით შემცირება. მან გააანალიზა პროგრამის ძირითადი მიღწევები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. კერძოდ, ძირითად გამოწვევებად დასახელდა: სამკურნალო ცენტრების სიმწირე ზოგიერთ გეოგრაფიულ ადგილებში; მკურნალობის და მოვლის სერვისებში დაკარგული პაციენტების მართვა; რეინფექციის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური ბარიერების მოხსნა და პროგრამის გაფართოება HBV ინფექციის დიაგნოსტიკის და მკურნალობის უზრუნველყოფის მხრივ. პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ კომისიას მიაწოდა აღნიშნული გამოწვევების გადასაჭრელად აუცილებელი რეკომენდაციები.
ქვეყანაში C ჰეპატიტის სკრინინგის შედეგები და სამომავლო გეგმები გააანალიზა თავის მოხსენებაში პროფესორმა ამირან გამყრელიძემ. მან აღნიშნა, რომ პროგრამის მიზანია ქვეყანაში ინფიცირებულ პირთა 90%-ის გამოვლენა, მათგან 95%-ის მკურნალობა და ნამკურნალებ პირთა 95%-ის განკურნება. მან ხაზი გაუსვა პროგრამის წარმატებულ მიმდინარეობას, რაც შემდეგ ციფრებში აისახება: 2020 წლის 24 თებერვლისთვის უკვე გამოკვლეულია 2 148 401 ადამიანი, რომელთაგან 149 579 (6,96%) C ჰეპატიტზე დადებითი აღმოჩნდა. ნამკურნალებია 65187 პაციენტი, რომელთაგან 98.8% განკურნებულია! აღინიშნა, რომ პროგრამის დასრულებისათვის აუცილებელია კიდევ დაახლოებით 1 000 000 ადამიანის სკრინინგ გამოკვლევა.
С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სამეცნიერო კომიტეტის კოორდინატორმა, თინათინ ქუჩულორიამ, კომისიას გააცნო პროგრამის ზედამხედველი სამეცნიერო საბჭოს მუშაობის სპეციფიკა და მათ მიერ რეალიზებული სამეცნიერო პროექტები. აღინიშნა სამეცნიერო პუბლიკაციები და მოხსენებები რომლითაც ამ უნიკალური პროგრამის შედეგები გაშუქდა საერთაშორისო მასშტაბით.
მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია. კომისიის თავმჯდომარის, პროფესორ არჩილ ჩხოტუას შეკითხვებს უპასუხეს მომხსენებლებმა. კერძოდ, შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე გართულებებს მკურნალობის პროცესში პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ მათ მიერ არ ყოფილა დაფიქსირებული კლინიკურად მნიშვნელოვანი გართულებები. შეკითხვაზე, თუ გაგრძელდა ინფიცირებულ პირთა გამოვლენის არსებული ტემპები, რამდენ ხანში იქნება შესაძლებელი პროგრამის დასრულება, პროფესორმა ცერცვაძემ აღნიშნა, რომ 2025 წელი უნდა იყოს პროგრამის დასრულების ოპტიმალური ვადა. პროფესორ ამირან გამყრელიძის აზრით, პროგრამის წარმატებით დასრულება შესაძლებელია 2-3 წელიწადშიც.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს კომისიის წევრებმა, აკადემიკოსებმა, ექსპერტებმა. სხდომა შეაჯამა კომისიის თავმჯდომარემ პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ. მან გამოხატა დამსწრე საზოგადოების საერთო აზრი, რომ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა არის ქართული მედიცინის ისტორიაში წარმოებული ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. ამ დროისათვის გაწეული სამუშაო და მიღწეული დადებითი შედეგები იძლევა რეალისტურ პროგნოზს, რომ პროგრამა წარმატებით დასრულდება.