პროფესორი ოფერ ბარ-იოზეფი
- მარტი 19, 2020
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს ეროვნული მუზეუმი მწუხარებით იუწყება, რომ 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, თანამედროვეობის უდიდესი არქეოლოგი, პროფ. ოფერ ბარ-იოზეფი. იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი, საქართველოს ერთგული მეგობარი და მეცნიერი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა, საქართველოში, პრეისტორიული მეცნიერების განვითარებაში.
უმაღლესი განათლება მან იერუსალიმში, ჰიბროუს უნივერსიტეტში მიიღო. ოფერ ბარ-იოზეფი 1967 წელს ჰიბროუს უნივერსიტეტის, ხოლო 1988 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატების, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. იგი, როგორც ფართოდ აღიარებული მეცნიერი, არჩეული იყო ამერიკის ეროვნული აკადემიისა და ბრიტანეთის აკადემიის წევრად.
მრავალმხრივი და ფართო სამეცნიერო ინტერესების მკვლევარი 400-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია. ოფერ ბარ-იოზეფი სწავლობდა ახლო აღმოსავლეთის, ჩინეთისა და საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებს, იკვლევდა უძველეს ქვის ინდუსტრიებს, თანამედროვე ადამიანის წარმოშობისა და ბიოლოგიური ადაპტაციის პრობლემებს, ევრაზიაში ნეანდერტალელის და თანამედროვე ადამიანის ურთიერთკავშირებსა, თუ მონადირე-შემგროვებელი საზოგადოების მწარმოებელ მეურნეობაზე გადასვლის საკითხებს.
1993 წელს ოფერ ბარ-იოზეფი და მისი კოლეგები საქართველოს ეწვივნენ და მას მერე არ გაწყვეტილა სამეცნიერო თანამშრომლობა და მეგობრობა ქართველ მეცნიერებთან. ის ყოველწლიურად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიციებში. მისი ინიციატივით საქართველოს პრეისტორიულ კვლევებში ჩაერთო მსოფლიოს მრავალი წამყვანი ინსტიტუცია და ლაბორატორია.
ოფერ ბარ-იოზეფის სახელთან ბევრი მეცნიერული მოვლენაა დაკავშირებული, მათ შორის, საქართველოს პრეისტორიული მეცნიერების ისეთ დიდი აღმოჩენები, როგორიცაა მსოფლიოში უძველესი დართული სელის ძაფის ძუძუანას მღვიმეში აღმოჩენა (2009 წ. Science, 30,000-Year-Old Wild Flax Fibers), ასევე აფრიკიდან გამოსული თანამედროვე ტიპის ადამიანის მიგრაციის ორი, 45,000 და 25, 000 წლის წინანდელი, ტალღის დადგენა და თანამედროვე ევროპელების გენეტიკური ჯაჭვის აქამდე უცნობი, ერთ-ერთი მთავარი რგოლის აღმოჩენა (2015 წ. Nature communications, Upper Paleolithic genomes reveal deep roots in modern Eurasians).
პროფ. ოფერ ბარ-იოზეფმა მრავალ ახლგაზრდა სპეციალისტს გაუკვალა გზა მეცნიერებისაკენ ისრაელში, ამერიკასა თუ ჩინეთში, მათ შორის ქართველ ახალგაზრდებსაც.
ქართულ სამეცნიერო საზოგადოებასა და მის მეგობრებს არასოდეს დაგვავიწყდება ოფერ ბარ-იოზეფის სახელი და მასთან თანამშრომლობის წლები. მისი მეცნიერული შემოქმედება წარსულის შემსწავლელი მეცნიერების მსოფლიო საგანძურის კუთვნილებაა.