შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებთან
- ივნისი 3, 2020
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინიციატივით, მიმდინარე წლის 3 ივნისს მოეწყო შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორთან პროფ. ამირან გამყრელიძესთან და დირექტორის მოადგილე – პროფ. პაატა იმნაძესთან. შეხვედრა მიეძღვნა კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის საკითხებს.
აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გიორგი კვესიტაძემ და პროფ. ამირან გამყრელიძემ აღნიშნეს, რომ “COVID-19”-ის პანდემიის პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინფექციასთან დაკავშირებით დაგროვილი მასალის მეცნიერულ ანალიზს. ამ მხრივ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის როლი, მისი მეცნიერული პოტენციალი საკმაოდ მნიშვნელოვანია. მიზანშეწონილად ჩაითვალა წამყვანი ქართველი მეცნიერების ჩართვა ქვეყანაში მოლეკულური ტექნოლოგიებისა და ბიოტექნოლოგიების განვითარების საკითხებში. ამ მიზნით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ჩამოყალიბდეს ერთობლივი ანალიტიკური ცენტრი, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კორონა ვირუსის შესწავლისა და მასთან ბრძოლის საქმეში.
აკად. გ. კვესიტაძემ აკადემიის სახელით გამოთქვა მზაობა, უმოკლეს ვადაში განისაზღვროს ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ “COVID-19”-ის წინააღმდებ ბრძოლასა და პანდემიის შემდგომ პერიოდში ანალიტიკურ საქმიანობაში.