შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონის ცივილიზაციათა შემსწავლელი კომისიის სხდომა
- ოქტომბერი 16, 2020
2020 წლის 12 ოქტომბერს, Online რეჟიმში, პლატფორმა zoom-ის მეშვეობით გაიმართა აკადემიის პრეზიდიუმთან მოქმედი შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონის ცივილიზაციათა შემსწავლელი კომისის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა კომისიის თავმჯდომარე აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი.
სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრა ორი საკითხით: კომისიის მუშაობის გეგმა – მომხსენებელი კომისიის აღმასრულებელი მდივანი, აკად. დოქტ. ერეკლე ჟორდანია და ენციკლოპედიის „ანტიკური კავკასია“ („Caucasus Antiquus“) გამოცემის თანამედროვე მდგომარეობა – მომხსენებელი კომისიის თავმჯდომარე, ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი, აკად. რისმაგ გორდეზიანი.
თავის გამოსვლაში, აკად. დოქტ. ერეკლე ჟორდანიამ აღნიშნა, აკადემიის პრეზიდიუმთან კომისიის დაარსებიდან დღემდე, შემუშავდა კომისიის დებულება, რომლის თანახმადაც განისაზღვრა კომისიის საქმიანობის ძირითადი მიზნები და ამოცანები, კომისიის უფლებამოსილება, ორგანიზაციული სტრუქტურა, მისი მართვისა და ლიკვიდაციის წესები, ასევე შემუშავდა კომისიის 2020 წლის საქმიანობის გეგმა. აკად. რისმაგ გორდეზიანიას წინადადებით, ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების მიღწევების წარმოჩენისა და მათი პოპულარიზაციის მიზნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული და აკადემიის წინაშე დაისვა საკითხი საერთაშორისო სამეცნიერო კრებულის სახელწოდებით „PONTICAMEDITERRANEA“ დაარსების შესახებ. კრებულში თავმოყრილი იქნება ქართველი და უცხოელი მეცნიერების სტატიები; ამასთანავე, ხაზი გაესვა ადგილობრივი და საერთაშორისო ხასიათის გრძელვადიანი სამეცნიერო-კვლევითი, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების შემუშავებასა და მათი განხორციელების აუცილებლობას.
ასევე, აკადემიკოსმა რისმაგ გორდეზიანმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ენკლოპედიის „ანტიკური კავკასიის“ სამეცნიერო და საგანმანათლებლო მნიშვნელობაზე და აღნიშნა გამოცემის ევროპულ ენებზე თარგმნის აუცილებლობა, რაც, ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების მიღწევების წარმოჩენასთან ერთად, ხელს შეუწყობს თავად საქართველოს პოპულარიზაციასა და ფართო აუდიტორიისათვის მიუკერძოებელი სამეცნიერო ინფორმაციის მიწოდებას ანტიკური ხანის საქართველოსა და, ზოგადად, შავი და ხმელთა შუა ზღვების რეგიონში მიმდინარე ეთნო-კულტურული, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების შესახებ.
„ანტიკური კავკასიის“ (Caucasus Antiquus) IV ტომის ბეჭდური ვერსიის პრეზენტაციის შემდეგ აზრი გამოთქვეს: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, აკადემიკოსებმა – ელგუჯა ხინთიბიძემ, ინესა მერაბიშვილმა, რამაზ შენგელიამ, პროფესორებმა – ნანა ტონიამ, ვალერი ასათიანმა და სხვებმა.