მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა
- დეკემბერი 7, 2020
2020 წლის 6 დეკემბერს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის“ მერვე სხდომა, რომლის თემა იყო: „ფაგოთერაპია: ლაბორატორიიდან კლინიკამდე“. სხდომა ჩატარდა ონლაინ და მას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, აკადემიკოსები, დარგობრივი პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები.
სხდომა გახსნა კომისიის თავმჯდომარემ, პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ. მან ხაზი გაუსვა რომ თანამედროვე მედიცინის უაღრესად აქტუალური პრობლემაა ე.წ. მულტირეზისტენტული მიკროორგანიზმების (ბაქტერიები და სხვა) წინააღმდეგ ბრძოლა. აღნიშნული პრობლემა აქტუალურია არამარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. ერთ-ერთ პერსპექტიულ მიმართულებად, ამ სერიოზულ პრობლემასთან ბრძოლაში, წარმოადგენს სწორედ ფაგოთერაპია. შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველო მედიცინის ამ დარგის ერთ-ერთი ნოვატორი და ლიდერია. ჩვენს ქვეყანაში, მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან ფუნქციონირებს ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც დაარსებულია ცნობილი მეცნიერის, პროფესორ გიორგი ელიავას მიერ. ეს ინსტიტუტი გარკვეულწილად უნიკალურია მსოფლიოში იქ წარმოებული სამეცნიერო და კლინიკური აქტივობების მხრივ.
ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, ქალბატონებმა ნინო ჭანიშვილმა და ლია ნადარეიშვილმა მსმენელებს გააცნეს ინსტიტუტში წარმოებული ფუნდამენტური კვლევის შედეგები ფაგოთერაპიის შესაძლო როლის შესახებ ადამიანის სხვადასხვა ლოკალიზაციის ინფექციური პათოლოგიების მკურნალობაში. მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ კვლევების შედეგად დაგროვილი მასალა მიუთითებს შედგომი კონტროლირებული კლინიკური კვლევების ჩატარების აუცილებლობაზე.
ლაურ მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის მომხსენებელმა, ალექსანდრე უჯმაჯურიძემ წარმოადგინა რანდომიზირებული, ორმაგად ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებული კლინიკური კვლევის შედეგები ფაგოთერაპიის ეფექტურობის შესახებ საშარდე გზების ინფექციის დროს. აღინიშნა, რომ ეს არის მულტიცენტრული კვლევა, რომელიც შესრულდა საქართველოსა და შვეიცარიის სამი ცენტრის მიერ: უროლოგიის ეროვნული ცენტრი, ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი და ციურიხის უნივერსიტეტი. პროექტი დაფინანსდა შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არის მსოფლიოში პირველად ჩატარებული მსგავსი დიზაინის კლინიკური კვლევა ფაგოთერაპიის ეფექტურობის შესაფასებლად.
მოხსენებების შემდეგ, გაიმართა აქტიური დისკუსია. მასში მონაწილეობა მიიღეს კომისიის წევრებმა, აკადემიკოსებმა, ექსპერტებმა და დარგის წარმომადგენლებმა. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ საქართველოში თითქმის 100 წელია არსებობს და ფუნქციონირებს ბაქტერიოფაგიის სამეცნიერ-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ატარებს როგორც ფუნდამენტურ, ისე კლინიკურ სამეცნიერო მუშაობას. აუცილებელია მეტი ყურადღება მიექცეს ამ დაწესებულების ფუნქციონირებას, ხოლო მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები დაინერგოს კლინიკურ პრაქტიკაში.
სხდომა შეაჯამა კომისიის თავმჯდომარემ პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ. მან გამოხატა დამსწრე საზოგადოების საერთო აზრი, რომ ფაგოთერაპია მედიცინის ძალიან პერსპექტიული და აქტიურად პროგრესირებადი მიმართულებაა. საქართველო შეიძლება თამამად ჩაითვალოს ლიდერად ფაგოთერაპიაში. მან მადლობა გადაუხადა სპიკერებს და დამსწრე აუდიტორიას. აღინიშნა, რომ კომისია მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს, რომლითაც წარდგება სამთავრობო სტრუქტურების მიმართ.