პროფესორი ჰაინც ფენრიხი – 80
- იანვარი 5, 2021
ღრმად პატივცემული ბატონო ჰაინც,
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია გულითადად გილოცავთ თქვენ – გამოჩენილ გერმანელ ქართველოლოგსა და კავკასიოლოგს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელ წევრს დაბადებიდან 80 წლისთავს.
ბატონო ჰაინც, სასიამოვნოა იმის აღნიშვნა, რომ თქვენ მრავალი წლის განმავლობაში იენის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდით კავკასიოლოგიის, კერძოდ, ქართველოლოგიის მიმართულებას. ფართოა თქვენი სამეცნიერო ინტერესები, რომელიც სწვდება ქართველოლოგიის თითქმის ყველა სფეროს. თქვენ გერმანულ ენაზე გამოაქვეყნეთ ქართული ლიტერატურის ისტორიის, საქართველოს ისტორიის, ქართული მითოლოგიის, საქართველოს ისტორიული და კულტურული ძეგლების შესწავლისადმი მიძღვნილი რამდენიმე ათეული მონოგრაფია.
განსაკუთრებულია თქვენი წვლილი ქართველური და კავკასიური ენების კვლევის საქმეში. თქვენ გეკუთვნით ახალი და ძველი ქართული ენების გრამატიკა გერმანულ ენაზე, ქართველ კოლეგასთან პროფ. ზ. სარჯველასთან თანამშრომლობით შექმნილი „ძველქართულ-გერმანული ლექსიკონი“, „ენათმეცნიერულ ტერმინთა ქართულ-გერმანული ლექსიკონი“, „ქართველური ენების ეტიმოლოგიური ლექსიკონი“, რომელიც არაერთგზის გამოიცა ქართულ და გერმანულ ენებზე; ასევე მრავალი ქართული ლიტერატურული ძეგლის გერმანული თარგმანი და კომენტირებული გამოცემა და ა.შ.
უაღრესად მნიშვნელოვანია თქვენი პუბლიკაციები: „ქართველური ენების ეტიმოლოგიური ლექსიკონი“, გამოცემული ბრილის ცნობილი გამომცემლობის მიერ (ლაიდენი, ბოსტონი, 2007 წ.); “ქართველური ენები” (ვისბადენი, 2008წ.) და „საქართველოს ისტორია დასაწყისიდან დღემდე“ (ლაიდენი, ბოსტონი, 2010 წ.).
ბატონო ჰაინც, თქვენ ბრძანდებით დამაარსებელი და წლების განმავლობაში მთავარი რედაქტორი ქართველოლოგიური ჟურნალისა “გეორგიკა”, რომელიც ამჟამად უცხოეთში გამომავალ ერთადერთ ქართველოლოგიურ ჟურნალს წარმოადგენს.
აღსანიშნავია თქვენი მრავალმხრივი მოღვაწეობა გერმანიაში ქართული ენისა და კულტურის პროპაგანდისათვის.
სავსებით კანონზომიერია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია ქართველოლოგიაში პირველად სწორედ თქვენ მოგენიჭათ.
ბატონო ჰაინც, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, მადლიერ ქართველ საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ გილოცავთ სახელოვან იუბილეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, პირად და შემოქნედებით წარმატებებს.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
პრეზიდენტი აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე