საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა
- მარტი 14, 2021
2021 წლის 12 მარტს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის“ მორიგი, მეცხრე სხდომა, რომელიც მიეძღვნა მედიცინის ისტორიის აქტუალურ საკითხებს. სხდომა გაიმართა ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმაზე. მას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, აკადემიკოსები, დარგობრივი პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები.
სხდომა გახსნა კომისიის თავმჯდომარემ, პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ. მან აღნიშნა, რომ კომისიის მუშაობა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ კლინიკური მედიცინის პრობლემებზე მსჯელობით, არამედ, აუცილებელია მედიცინასთან დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, როგორიცაა: არატრადიციული მედიცინა, ფუნდამენტური მეცნიერება, ბაზისური კვლევები და სხვა. შესაბამისად, აუცილებელია „საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის“ ინტერესების სფეროს გაფართოება. სწორედ ამის საუკეთესო მაგალითი იყო აღნიშნული სხდომა. იგი მიეძღვნა ისეთ საინტერესო და აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა მედიცინის ისტორია, ხალხური მედიცინა, პალეოპათოლოგია და სხვა.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა რამაზ შენგელიამ ისაუბრა მედიცინის ისტორიის როლსა და მნიშვნელობაზე. მან ხაზი გაუსვა, რომ სამედიცინო-ბილოგიური აზროვნების სიღრმე და სიფართოვე ქვეყნისა და ეპოქის კულტურული განვითარების საერთო დონის საუკეთესო მარკერია. მედიცინის ისტორია გულისხმობს და მოსაზღვრეა ისეთი დისციპლინებისა, როგორიცაა: ისტორია და არქეოლოგია; ფილოსოფია და თეოლოგია; ფილოლოგია და ენათმეცნიერება; პალეოანთროპოლოგია, პალეოპათოლოგია და ანთროპოლოგია; პალეოეკოლოგია, პალეოდემოგრაფია, პალეოფსიქოლოგია და სხვა. მან მოკლედ მიმოიხილა ქართული მედიცინის ისტორიის განვითარება და ამ დარგის მიღწევები. კერძოდ, აღინიშნა, რომ:
- შესწავლილი, აღწერილი და მეცნიერულად დამუშავებულია 526 ქართული სამედიცინო ხელნაწერი;
- შედგენილია მსოფლიოში ერთადერთი აღწერილობითი კატალოგი და გამოცემულია სტამბურად (სულ არსებობს 6 სხვადასხვა ქვეყნის ტექნიკური კატალოგი);
- 40-ზე მეტი სამეცნიერო ექსპედიციის მიერ შესწავლილია საქართველოს ყველა კუთხე და მასალა;
- აღნიშნული მასალის გამოყენებით დაცულია 12 საკვალიფიკაციო ნაშრომი გასროენტეროლოგიაში, კარდიოლოგიაში, ქირურგიაში, პულმონოლოგიაში, პედიატრიაში, მეანობა გინეკოლოგიასა და სხვა მიმართულებებში;
- შექმნილია უნიკალური სამედიცინო-გეოგრაფიული ატლასი.
აკადემიკოს რამაზ შენგელიასა და მისი ჯგუფის მიერ პირველად (1996 წ.) შემუშავებული იქნა REP (Remedy Estimating Program) კომპიუტერული პროგრამა, რომელიც სამკურნალო მცენარის (ბუნებრივი რესურსის) გარკვეული დაავადების მიმართ სავარაუდო ეფექტურობის რიცხობრივ შეფასებას იძლევა, რასაც “სანდოობის კოეფიციენტი” (Liability Coefficient – LC) ეწოდა. მომხსენებელმა მიმოიხილა ათწლეულების განმავლობაში დარგის სამეცნიერო მიღწევები და მომავალი გეგმები.
თსსუ მედიცინის ისტორიის და ბიოეთიკის დეპარტამენტის თანამშრომელმა, მედიცინის დოქტორმა ნანი ხელაიამ ისაუბრა ქართული ტრადიციული მედიცინის კონცეპტუალურ ბაზისსა და მისი გამოყენების შესაძლებლობებზე. მან წარმოადგინა „ხალხური მედიცინის“ (ამჟამად ეთნომედიცინად წოდებული) განვითარების ისტორია საქართველოში. 1960-1988 წწ. პროფესორ მ. შენგელიას ინიციატივით და ხელმძღვანელობით შედგა 40-ზე მეტი სამეცნიერო ექსპედიცია, შეგროვილია ათიათასობით რეცეპტი, სამკურნალო მცენარეთა ჰერბარიუმი, რომლებიც დაცულია ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის ფონდებში. აღნუსხულია 500-ზე მეტი ქართული სამედიცინო ხელნაწერი და დაცულია საქართველოს და მის საზღვრებს გარეთ არსებულ უძველეს წიგნთსაცავებში. ეკოტოპოლოგიური კვლევის საფუძველზე გამოვლენილია საქართველოში ველურად მოზარდი სამკურნალო ფლორის ნიმუშები, მათ შორის კავკასიის ენდემები (1300) და საქართველოს ენდემები (275), წითელ წიგნში შეტანილი ტაქსონები (97), ასევე კულტურული ჯიშები და ინტროდუცირებული სახეობები. ტრადიციული მედიცინის მონაცემთა მიხედვით, შესწავლილია ისეთი დარგების განვითარების ისტორია, როგორიცაა: ნევროლოგია, ოფთალმოლოგია, გინეკოლოგია, კარდიოლოგია, ქირურგია, გასტრო-ენტეროლოგია, სტომატოლოგია, ფტიზიატრია და სხვა. მოხსენების ბოლოს ავტორმა გამოყო მომავალი კვლევის აქტუალური საკითხები.
მესამე მოხსენება – ‘’პალეოპათოლოგია – ისტორია, მიზნები და პერსპექტივები’’ წაიკითხა მარინე ჭკადუამ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან. მან აღნიშნა, რომ პალეოპათოლოგია მეცნიერების ახალგაზრდა დარგია, რომელიც 200 წელს ითვლის. იგი ბიოანთროპოლოგიის ნაწილია, რომელიც შეისწავლის დაავადებებს და ტრავმებს ადამიანთა ნაშთების გამოკვლევით. აღინიშნა, რომ პალეოპათოლოგია გვამცნობს ძველი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას; გვაწვდის ინფორმაციას ადამიანთა საქციელზე, საქმიანობაზე, კვებაზე და ცხოვრების წესზე; სწავლობს იმ დაავადებათა ევოლუციას, რომელიც დღესაც არსებობს. შესაბამისად, იგი უმნიშვნელოვანესია თანამედროვე მედიცინისა და მისი განვითარებისათვის.
მოხსენებების შემდეგ გაიმართა აქტიური დისკუსია. მასში მონაწილეობა მიიღეს კომისიის წევრებმა, აკადემიკოსებმა, ექსპერტებმა და დარგის წარმომადგენლებმა.
სხდომა შეაჯამა კომისიის თავმჯდომარემ პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ. მან გამოხატა დამსწრე საზოგადოების საერთო აზრი, რომ მოსმენილი ინფორმაცია იყო ძალზედ აქტუალური და საინტერესო. მან მადლობა გადაუხადა სპიკერებს და დამსწრე აუდიტორიას. აღინიშნა, რომ კომისია მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს, რომლითაც წარდგება სამთავრობო სტრუქტურების წინაშე.