ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- მარტი 21, 2021
2021 წლის 19 მარტს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მორიგი სხდომა, რომელიც მიეძღვნა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ნალექთა ხელოვნური გაზრდის პრობლემას. მოხსენებებით გამოვიდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლები – ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი თენგიზ ცინცაძე და დოქტორი ნაილი კაპანაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, დარგის წამყვანი მეცნიერები, ექსპერტები.
აღინიშნა, რომ ღრუბელთა ფიზიკის შესწავლისა და მათზე ხელოვნური ზემოქმედების სამუშაოები საქართველოში სათავეს იღებს გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან, როდესაც ამოქმედდა პირველი მეტეოროლოგიური რადიოლოკატორი, ხოლო 1961 წლიდან იწყება სეტყვის ღრუბლებზე ზემოქმედება. წინა საუკუნის 70-იანი წლებში აკად. გ. სვანიძის ხელმძღვანელობით ინსტიტუტმა წამოიწყო ექსპერიმენტები ნალექთა ხელოვნური გაზრდის (ნხგ) მიმართულებით მდ. იორის აუზში და ფარავნის ტბის მიდამოებში. დამუშავდა ზემოქმედების ეფექტიანობის დადგენის მეთოდიკა, რომელიც ეყრდნობოდა რადიოლოკაციური, ჰიდროლოგიური და ნალექმზომი ქსელის დაკვირვებათა მასალების ერთდროულ გამოყენებას. 80-იან წლებში ამოქმედდა სეტყვასთან ბრძოლის სამსახური და დაიწყო ღრუბლებიდან დამატებითი ნალექების მიღების სამუშაოები. ჩატარებული შეფასებების თანახმად, კონვექციურ ღრუბლებზე ზემოქმედების გამოყენებული მეთოდი საშუალებას იძლევა ნალექთა სეზონური ჯამების 10-15%-ით გაზრდისა. პარალელურად ინსტიტუტში წარმოებს თეორიული კვლევები, რომლებიც ეხება ნალექწარმომქმნელი პროცესების ღრუბელთა დინამიკის და მიკროფიზიკის საკითხებს (ნ. ბეგალიშვილი, გ. რობიტაშვილი და სხვ.). ამჟამად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასმულია ამოცანა ქვეყნის ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების მონიტორინგის თანამედროვე სისტემის შექმნის შესახებ, აგრეთვე მდ. იორის აუზში ნხგ საცდელი სამუშაოების განახლების თაობაზე; წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის საკითხებთან ერთად დამუშავდება ამ რესურსების შევსების შესაძლებლობა ღრუბლებზე ხელოვნური ზემოქმედებით.
სხდომა შეაჯამა ცენტრის თავმჯდომარის მოადგილემ აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ. მან გამოხატა დამსწრე საზოგადოების საერთო აზრი, რომ მოსმენილი ინფორმაცია აქტუალური და საინტერესოა, მადლობა გადაუხადა მომხსენებლებს, აგრეთვე ცენტრის წევრებსა და მოწვეულ სპეციალისტებს აქტიური დისკუსიისათვის და საინტერესო წინადადებებისათვის. გამოიყო ცენტრის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა ათი დღის ვადაში სამთავრობო სტრუქტურებში წარსადგენი რეკომენდაციების მომზადება.