ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- აპრილი 1, 2021
2021 წლის 29 მარტს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის რიგგარეშე, 69-ე სხდომა, რომელიც მიეძღვნა ქ.მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფციის პროექტის განხილვას. დამსწრეთა წინაშე წარსდგნენ მოხსენებებით ამხანაგობა “აქოლისის” თავმჯდომარე აკაკი ზერეკიძე, სივრცითი დაგეგმვის ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ვლადიმერ ვარდოსანიძე და ხელოვნებათმცოდნე ქრისტინე დარჩია. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, დარგის წამყვანი მეცნიერები, ექსპერტები.
აღინიშნა, რომ ამხანაგობა „აქოლისმა“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ქალაქ მცხეთის გენგეგმის შემუშავებისთვის გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და ახლა საპროექტო მომსახურების მეორე ეტაპზე იმყოფება, რომლის ფარგლებშიც მომზადებულია გენერალური გეგმის კონცეფცია, ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, სკოპინგის (სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება) ანგარიში და დარგობრივი ტექსტური და გრაფიკული დანართები.
ამხანაგობა „აქოლისი“ მულტიდისციპლინარული ჯგუფია, რომელიც დარგობრივი სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებულ 8 საპროექტო ორგანიზაციასა და 3 ქვეკონტრაქტორ კომპანიას აერთიანებს და სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმის, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებსა და მცხეთის ქალაქმშენებლობითი კადასტრის მომზადებას გულისხმობს.
„აქოლისი“ ითვალისწინებს მცხეთის, როგორც საქართველოს ძველი დედაქალაქის ისტორიულ, არქეოლოგიურ, კულტურულ და რელიგიურ მნიშვნელობას საქართველოს ისტორიაში და მის დღევანდელობაში, მის ადგილს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სისტემაში და შექმნის ყველა პირობას, რათა შენარჩუნებული იქნეს ის უნიკალური გარემო, რომელიც მის ისტორიულ, კულტურულ, რელიგიურ, მემორიალურ, არქეოლოგიურ, ესთეტიკურ, მეცნიერულ ღირებულებებს განაპირობებს.
ამხანაგობა „აქოლისის“ მიერ შემუშავებული გენერალური გეგმის კონცეფციის პრეზენტაცია გულისხმობს დამსწრეთათვის „კონცეფციაში“ არსებული იდეების გაცნობას, მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებას.
ქ. მცხეთის გენგეგმის კონცეფციაში ასახული იდეები და გადაწყვეტები, რომელიც გულისხმობს ქ. მცხეთის განვითარების ქალაქმაფორმირებელი როლის განსაზღვრას და მისთვის ალტერნატივების ჩამოყალიბებას, არ არის საბოლოო, ისინი საჯაროდ განსახილველია და დასაზუსტებელია დაპროექტების მომდევნო ეტაპებზე, მათ შორის – გენერალური გეგმის მომზადების სტადიაზე.
დისკუსიაში გამოვიდნენ მინისტრის მოადგილე მ. გიორგობიანი, აკად. წ/კ. ა. დიდებულიძე, პროფ. მ. ახობაძე, პროფ. რ. ქავთარაძე, პროფ. გ. ყიფიანი, პროფ. ა. მაღალაშვილი, ნ. ძიძიკაშვილი, რომლებმაც აღნიშნეს შესრულებული სამუშაოების აქტუალობა და მაღალი დონე.
სხდომა შეაჯამა ცენტრის თავმჯდომარის მოადგილემ აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ, რომელმაც გამოხატა დამსწრე საზოგადოების საერთო აზრი, რომ მოსმენილი ინფორმაცია აქტუალური და ძალზე საინტერესოა, მადლობა გადაუხადა მომხსენებლებს, აგრეთვე ცენტრის წევრებსა და მოწვეულ სპეციალისტებს აქტიური დისკუსიისათვის და საინტერესო წინადადებებისათვის.
სხდომის მასალები შემდგომი მსვლელობისათვის გადაიგზავნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.