პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
- ივნისი 20, 2021
მუხლი 1. „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, #47, 26,12,2007, მუხ. 402) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
- მე-4 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს „ე1“ ქვეპუნქტი, ხოლო, „ვ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე1. ახორციელებს მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მინიჭებას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულებითა და აკადემიის წესდებით განსაზღვრული წესით.“
„ვ) აწესებს სტიპენდიებს, აარსებს და ანიჭებს პრემიებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგებში მნიშვნელოვანი სამეცნიერო სამუშაოების წარმოსაჩენად;“
- მე-4 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტის ვ1) ქვეპუნქტი
- მე-5 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი.
- მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მეორე პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
- აკადემიის მართვის უმაღლესი ორგანოა აკადემიის საერთო კრება, რომლის მუშაობაში ხმის უფლებით მონაწილეობენ აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები) და აკადემიის წევრ-კორესპონდენტები, ხოლო სათათბირო ხმის უფლებით − საპატიო აკადემიკოსები, საქართველოში მყოფი აკადემიის უცხოელი წევრები.
„გ. ამ კანონითა და აკადემიის წესდებით განსაზღვრული წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ხუთი წლის ვადით ირჩევს აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტებს, აკადემიის აკადემიკოს-მდივანს, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებათა (შემდგომ − განყოფილება) აკადემიკოს-მდივნებსა და აკადემიის პრეზიდიუმის სხვა წევრებს, ფარული კენჭისყრით;“
,,ვ. ირჩევს აკადემიის ნამდვილ წევრებსა (აკადემიკოსებს) და წევრ-კორესპონდენტებს ფარული კენჭისყრით, ხოლო საპატიო აკადემიკოსებსა და აკადემიის უცხოელ წევრებს – ღია კენჭისყრით.
- მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აკადემიის პრეზიდიუმი შედგება აკადემიის პრეზიდენტისაგან, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტებისაგან, აკადემიის აკადემიკოს-მდივნისაგან, განყოფილებათა აკადემიკოს-მდივნებისაგან და აკადემიის წესდებით გათვალისწინებული აკადემიის პრეზიდიუმის სხვა წევრებისაგან. აკადემიის პრეზიდიუმის სხვა წევრთა რაოდენობა განისაზღვრება აკადემიის წესდებით.“
- მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება, აგრეთვე მე-8 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი და
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
,,2. აკადემიის პრეზიდენტს აკადემიის ნამდვილი წევრებისაგან (აკადემიკოსებისაგან) ირჩევს აკადემიის საერთო კრება 5 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით“.
„3. აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა არის ადმინისტრაციული თანამდებობა.“
- მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. აკადემიის სტრუქტურა
„1. აკადემიის სტრუქტურას განსაზღვრავს აკადემიის პრეზიდიუმი და ამტკიცებს აკადემიის საერთო კრება.
- აკადემიის ძირითადი სტრუქტურული ერთეულია განყოფილება, რომელიც აერთიანებს შესაბამისი სამეცნიერო პროფილის აკადემიის ნამდვილ წევრებსა (აკადემიკოსებს) და აკადემიის წევრ-კორესპონდენტებს. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების აკადემიკოს-მდივანი.
- 21. აკადემიასთან შეიძლება არსებობდეს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება (ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია და სხვ.), სტრუქტურული ერთეულის ფორმით, აგრეთვე, შესაძლებელია დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება (ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია და სხვ.) აკადემიის თანხმობით.
- განყოფილებების, აკადემიის სხვა სტრუქტურული ერთეულებისა და აკადემიასთან დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების უფლებამოსილებანი, აგრეთვე, მათი ხელმძღვანელების არჩევის, დანიშვნის წესი და სხვა საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია აკადემიის ფუნქციონირებასთან განისაზღვრება აკადემიის წესდებით.“
- მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები) და აკადემიის წევრ-კორესპონდენტები
- აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) საერთო რაოდენობა სამოცდაათს არ უნდა აღემატებოდეს. ხოლო, აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა რაოდენობა ოცდახუთს.
- აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) შეიძლება არჩეულ იქნას საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე, მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელმაც საერთაშორისო დონის წვლილი შეიტანა მეცნიერების განვითარებაში.
- აკადემიის წევრ-კორესპონდენტად შეიძლება არჩეულ იქნას საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე, მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელმაც მეცნიერებას დიდმნიშვნელოვანი შრომები შესძინა.
- საპატიო აკადემიკოსად შეიძლება არჩეულ იქნას საქართველოს მოქალაქე, საყოველთაოდ აღიარებული მოღვაწე, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს მეცნიერების ან/და კულტურის განვითარებაში.
- აკადემიის უცხოელ წევრად შეიძლება არჩეულ იქნას გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე − უცხო ქვეყნის მოქალაქე.
- აკადემიის წევრ-კორესპონდენტის აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) არჩევის შემთხვევაში, მას ავტომატურად უწყდება წევრ-კორესპონდენტის სტატუსი“.
- მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის), აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, საპატიო აკადემიკოსისა და აკადემიის უცხოელი წევრის არჩევა.
აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის), აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, საპატიო აკადემიკოსისა და აკადემიის უცხოელი წევრის არჩევის წესი განისაზღვრება აკადემიის წესდებით.“
- მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 12. აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) და აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ანაზღაურება:
- აკადემიის ნამდვილ წევრს (აკადემიკოსს) ენიშნება ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ 1600 ლარის ოდენობით.
- აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ენიშნება ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ 1000 ლარის ოდენობით.
- ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ანაზღაურებისათვის საჭირო თანხები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიცემა.
- აკადემიის ნამდვილ წევრს (აკადემიკოსს) და აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ანაზღაურება შეუწყდებათ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში.
- ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ანაზღაურება არის აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) და აკადემიის წევრ-კორესპონდენტის სამეცნიერო სტატუსების შესაბამისი ანაზღაურება.
- მე-13 მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. თუ „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება (ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია და სხვ.) ჩამოყალიბდება აკადემიის სტრუქტურული ერთეულის ფორმით ან აკადემიასთან დაფუძნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მისთვის გადასაცემ ქონებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
- მე-16 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-6 პუნქტი.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.