საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა
- ნოემბერი 1, 2021
2021 წლის 28 ოქტომბერს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის“ მორიგი სხდომა, რომლის თემა იყო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოში.
სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე; აკადემიკოსები; კომისიის წევრები; კორონავირუსის საკითხზე შექმნილი კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე; ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში; პროფესიული ასოციაციების წევრები და დარგის ექსპერტები.
პირველმა მომხსენებელმა, თსუ პროფესორმა, სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა იაგო კაჭკაჭიშვილმა წარმოადგინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, 2020-2021 წლებში ჩატარებული ერთობლივ კვლევის შედეგები, რომელშიც გაანალიზებულია მოსახლეობის განწყობები და დამოკიდებულებები ვაქცინაციის მიმართ. წარმოდგენილ იქნა 1000 რესპონდენტის სატელეფონო გამოკითხვის მე-7, მე-8 და მე-9 ტალღის შედეგები, რომლებიც ჩატარდა 2021 წლის მარტში, ივნისსა და აგვისტოში. შესწავლილია და გაანალიზებულია ისეთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორები, როგორიცაა: მოსახლეობის ინფორმირებულობა კორონავირუსთან გამკლავების მეთოდებზე; რესპონდენტთა დამოკიდებულება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ; მოსახლეობის მზაობა ვაქცინაციისათვის; სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლების გავლენა ვაქცინაციის მზაობაზე. მიღებული შედეგებისა და მათი ანალიზის საფუძველზე, გამოიყო მოსახლეობის ხუთი ჯგუფი, რომელთაც განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ კოვიდ პანდემიისა და ვაქცინაციის მიმართ. მომხსენებელმა დეტალურად დაახასიათა თითოეული ეს ჯგუფი და შემოგვთავაზა მათთან ურთიერთობის კონკრეტული რეკომენდაციები.
მეორე მოხსენება შეეხო ანტივაქსერულ მოძრაობას საქართველოში, მის ფესვებს, მიზნებსა და მასთან ბრძოლის მეთოდებს. მომხსენებელმა, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ მოკლედ მიმოიხილა ანტივაქსერული მოძრაობის > 200 წლოვანი ისტორია მსოფლიოში, მოიყვანა აღნიშნული მოძრაობის ყველაზე ცნობილი და გახმაურებული ფაქტები და მაგალითები. მან გაანალიზა ამ ფენომენის ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორები, მიზნები, ამოცანები, და მოქმედების გზები. მომხსენებელმა საზოგადოებას გააცნო ის ძირითადი მეთოდები, რომლითაც უნდა მოხდეს ანტივაქსერულ იდეებთან გამკლავება. მოხსენების ბოლოს, ბატონმა აკაკიმ წარმოადგინა კონკრეტული რეკომენდაციები სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ანტივაქსერულ მოძრაობას და ამ მოძრაობის აქტიურ წარმომადგენლებს საქართველოში.
მოხსენებების შემდეგ გაიმართა აქტიური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ: კომისიის თავმჯდომარე პროფესორი არჩილ ჩხოტუა, აკადემიკოსები, კომისიის წევრები და დარგის ექსპერტები. სხდომა შეაჯამა „საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის“ თავმჯდომარემ, პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ. აღინიშნა, რომ სხდომის შედეგების საფუძველზე, კომისია მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს, რომელთაც წარუდგენს სამთავრობო და აღმასრულებელ სტრუქტურებს.