აკადემიკოსი კონსტანტინე წერეთელი – 100
- დეკემბერი 21, 2021
სემიტოლოგიის ქართული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის კონსტანტინე წერეთლის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა. მისმა შრომებმა ფართოდ გაუთქვეს სახელი სემიტოლოგიის ქართულ სკოლას, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა გამოჩენილმა ქართველმა მეცნიერმა, აკადემიკოსმა გიორგი წერეთელმა. სასიქადულო მეცნიერის ღირსეულმა მოწაფემ ნაყოფიერად იღვაწა. მთელი მისი მეცნიერული მემკვიდრეობა მაგალითის მიმცემია მეცნიერთა ახალი თაობისათვის.
დღეს საყოველთაოდ აღიარებულია, რომ კ.წერეთლის შრომებმა არამეულ დიალექტოლოგიაში საფუძველი ჩაუყარა ამ სამეცნიერო დარგის პრობლემათა ფართო კვლევას და ბიძგი მისცა მსოფლიო ორიენტალისტიკაში მის ინტენსიურ განვითარებას. დღეს თანამედროვე არამეული დიალექტოლოგიის კვლევის თვალსაზრისით, ინტენსიური მუშაობა მიდის გერმანიასა და იტალიაში, აშშ-სა და ისრაელში, იაპონიასა და ინგლისში. აკად. კ.წერეთელი სამართლიანად ითვლება არამეული დიალექტოლოგიის მამამთავრად, რასაც მოწმობს მრავალრიცხოვანი რეცენზიები მისი ნაშრომებისა და მათი ავტორის შესახებ. იშვიათად შეგვხვდება შრომა ამ დარგში, სადაც აკად. კ.წერეთლის შრომები არ იყოს მოხსენიებული. ამის შესახებ დევიდ ლანგი წერდა „პროფესორმა წერეთელმა თავისი ფუძემდებლური გამოკვლევებით თანამედროვე არამეული დიალექტების შესახებ მსოფლიო რეპუტაცია მოიპოვა“. ცნობილი ჩეხი სემიტოლოგი კარელ პეტრაჩეკის თანახმად კონსტანტინე წერეთელი მიეკუთვნება უმნიშვნელოვანეს ლინგვისტებს ახალარამეულის დარგში, როგორც ამას მისი მრავალი შრომა ცხადყოფს. სტანისლავ სეგერტი (აშშ) აღნიშნავდა, რომ კ.წერეთლის შრომა „თანამედროვე ასურული ენა“ იძლევა საიმედო საფუძველს შემდგომი მუშაობისათვის. ასეთი შეფასებები მრავლადაა.
XX საუკუნის უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში წერეთლის კვლევის ძირითადი ობიექტი ებრაულ-არამეული ეპიგრაფიკაა. განუზომელია ამ დარგის მნიშვნელობა ქართული კულტურის ისტორიისათვის. სპეციალისტებისათვის კარგად არის ცნობილი აკად. კ.წერეთლის დამსახურება ქართველ და მახლობელ აღმოსავლეთის ხალხთა ენობრივი და კულტურულ-ისტორიული ურთიერთობის სფეროში. აკად. კ.წერეთლის მეცნიერული მუშაობის დახასიათებისას მისი მოძღვარი, აკადემიკოსი გიორგი წერეთელი აღნიშნავდა „ბრწყინვალე შედეგები, რასაც მკვლევარმა მიაღწია მეცნიერულ მუშაობაში, განაპირობა მისმა იშვიათმა ენათმეცნიერულმა ალღომ და შრომისმოყვარეობამ.”
კ.წერეთელი ქართველ სემიტოლოგთა მთელი თაობის აღმზრდელი იყო. მან მრავალ სემიტოლოგს დაულოცა გზა სამეცნიერო მოღვაწეობისათვის, მათ შორის უცხოელებსაც. დღეს როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ წარმატებით იღვწიან აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლის მიერ მომზადებული სპეციალისტები. აკადემიკოს კ.წერეთელი იყო საზღვარგარეთის არაერთი სამეცნიერო საზოგადოების წევრი.
აკად. კ.წერეთლის დამსახურება მეცნიერების წინაშე სათანადოდ არის აღიარებული საერთაშორისო ორიენტალისტიკური ცენტრების მიერ. ის არჩეულია მრავალი საერთაშორისო საზოგადოების წევრად.