პროტონული თერაპია საქართველოში
- დეკემბერი 30, 2021
ადამიანის ჯანმრთელობისთვის უაღრესად სახიფათო ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის უმნიშვნელოვანესი მიმართულების – პროტონული თერაპიის ზოგიერთი საკითხის განხილვას მიეძღვნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოსა და მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების ბირთვული ენერგიისა და რადიაციული უსაფრთხოების კომისიის ერთობლივი სხდომა. მის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს როგორც საბჭოს და კომისიის წევრებმა, ასევე მოწვეულმა სპეციალისტებმა, მედიკოსებმა და ფიზიკოსებმა.
სხდომა გახსნა მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს თავმჯდომარემ, ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა რამაზ ხეცურიანმა, რომელმაც ისაუბრა სიმსინეთა მკურნალობაში პროტონული თერაპიის უდიდეს მნიშვნელობაზე, რომელიც გრადიოზული ნახტომისებური წინსვლაა თანამედროვე მედიცინაში. მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იგეგმება 40 მილიონი დოლარის ღირებულების ორი კოლაიდერის მონტაჟი, რომელთა შეძენა ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით გახდა შესაძლებელი.
სხდომაზე მოხსენებით – „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრი“, დამსწრეთა წინაშე წარსდგა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი რევაზ შანიძე, რომელმაც ისაუბრა ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის მიმდინარეობაზე.
ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა პროფესორმა არჩილ ჭირაქაძემ წარმოადგინა მოხსენება – „პროტონული თერაპიის ბიოლოგიური ეფექტიანობისა და უსაფრთხოების გაზრდის თანამედროვე ტენდენციები“; მოხსენებები ასევე წარმოადგინეს – ქუთაისელმა პროფესორმა კახა ნურალიძემ და ფ. თოდუას სახელობის კლინიკის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მედიცინის დოქტორმა ნატალია ჯანყარაშვილმა, რომლის მოხსენების თემა იყო – „პროტონული თერაპიის გამოყენება კლინიკაში“. მოხსენებების განხილვაში აქტიური მოანწილეობა მიიღეს: კონსტანტინე მარდალეიშვილმა, ელზა ვაშაკიძემ, ზურაბ ხელაძემ.
აკადემიკოსმა გიორგი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა დასაწყისი იქნება იმ დიდი სამუშაოსი, რომელიც ერთდროულად უნდა აწარმოონ ექიმებმა და ფიზიკოსებმა.
აკადემიკოსმა რამაზ ხეცურიანმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა, როგორც მომავალი მუშაობის, ასევე დაგეგმვის საკითხებს; აღნიშნა, რომ აკადემია მზად არის მხარში ამოუდგეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და თავისი წვლილი შეიტანოს კვლევითი ლაბორატორიების მოწყობის, მუშაობის დაგეგმვის თუ მართვის ორგანიზების საკითხებში.