აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე – 80
- ივნისი 2, 2022
გამოჩენილ ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძეს 80 წელი შეუსრულდა. ამ მნიშვნელოვან თარიღს მიეძღვნა საზეიმო სხდომა აკადემიაში მიმდინარე წლის 30 მაისს. სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს საპატრიარქოს, პარლამენტის, აკადემიური წრეებისა და ქართული საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები.
სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, რომელმაც წაიკითხა იუბილარისადმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილისა და განათლების და მეცნიერების მინისტრის, ბატონ მიხეილ ჩხენკელის მისალმებები. საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მისალოცი წერილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) გააჟღერა; პატრიარქმა მეცნიერებათა აკადემია მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმინდა გიორგის ოქროს ორდენით, ხოლო თავად გიორგი კვესიტაძე საპატრიარქოს სიგელით დააჯილდოვა.
აკადემიის პრეზიდენტს იუბილე მიულოცეს: პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა, პარლამენტარებმა: დავით ზილფიმიანმა და ლადო კახაძემ; განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა ნუნუ მიცკევიჩმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ბაქოს ხაზარის უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიის უცხოელმა წევრმა, პროფესორმა ჰამლეტ ისახანლიმ, აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა რამაზ ხუროძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ, პანკისის ხეობის ქისტების დელეგაციამ, აკადემიკოსებმა: თინათინ სადუნიშვილმა, ელიზბარ ჯაველიძემ, ინესა მერაბიშვილმა, ეთერ ქემერტელიძემ, თამაზ ნატრიაშვილმა, მინდია უგრეხელიძემ, სოფლის მეურნეობის აკადემიის პრეზიდენტმა გურამ ალექსიძემ, მხატვარმა რეზო ადამიამ და სხვ. თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ იუბილარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედალი გადასცა; მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, რუსთაველის პრემიის ლაურეატმა მაყვალა გონაშვილმა ბატონ გიორგის ქართული მეცნიერების და სიკეთის რაინდის წოდება მიანიჭა, ხოლო საქართველოს კულტურის ფონდის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა თამაზ შილაკაძემ – წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის საპატიო წოდება.
გამომსვლელებმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის ფასდაუდებელი ღვაწლი ქართული მეცნიერების წინაშე, მისი დამსახურება ბიომრავალფეროვნების, მათ შორის მიკრობული მრავალფეროვნების შესწავლისა და ენზიმოლოგიის განვითარების საქმეში. სრულიად განსაკუთრებულია მისი დამსახურება საქართველოში ბიოტექნოლოგიის, როგორც სამეცნიერო, ისე, პრაქტიკული კუთხით განვითარების საქმეში. მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში მიღებული მონაცემების გათვალისწინებით და საკუთარი კვლევების შედეგების საფუძველზე გ. კვესიტაძემ ჩამოაყალიბა ახალი ეკოლოგიური კონცეფცია, რომელიც ფიტორემედიაციული ეკობიოტექნოლოგიების გლობალურ გამოყენებას გულისხმობს.
გიორგი კვესიტაძე 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების, 4 საერთაშორისო, 77 სსრკ, და 15 ეროვნული პატენტის ავტორია. იგი ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის პრობლემებისადმი მიძღვნილი მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ფორუმის ორგანიზატორი და მონაწილეა. აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას წარმატებით უთავსებს პედაგოგიურ მოღვაწეობასაც. ხანგრძლივი და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს უცხოეთის მრავალი ქვეყნის აღიარებულ სამეცნიერო ცენტრებთან; ბატონი გიორგი არჩეულია მრავალი ქვეყნის აკადემიისა და სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრად. 2016 წელს მიენიჭა საპატიო თბილისელის, ხოლო 2021 წელს ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება. დაჯილდოებულია დიპლომებითა და მედლებით.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მისი მოღვაწეობა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, 10 წლის მანძილზე იგი ხელმძღვანელობდა აკადემიის ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილებას, ხოლო მისი პრეზიდენტობის დროს აკადემიის ცხოვრებაში არაერთი სიახლე დაინერგა, მისი ინიციატივით შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები: ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრი, ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისია და სხვ. გაფართოვდა აკადემიის საერთაშორისო კავშირები; ამის ნათელი მაგალითია ჩინეთისა და საქართველოს კვლევითი და ერთობლივი ტექნოლოგიების სატრანსფერო ცენტრის გახსნა ქალაქ იანტაიში.
განსაკუთრებით აღინიშნა ის ფაქტი, რომ გიორგი კვესიტაძემ აშშ-ის სენატისაგან, კერძოდ, სენატორ ალ. ფრენკესაგან მიიღო პერსონალური მიწვევა ამერიკის სამეცნიერო ცენტრებთან ერთობლივი კვლევების თაობაზე ბიოსაწვავის ტექნოლოგიის დასამუშავებლად.
ბატონ გიორგი კვესიტაძეს, ვულოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, ვუსურვებთ წინსვლას სამეცნიერო სარბიელზე, მხნეობას და მომავალ შემოქმედებით წარმატებებს.