მეცნიერ ქალთა დაჯილდოვება
- აპრილი 3, 2023
მიმდინარე წლის 28 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საქართველოს ქალთა საბჭოს ორგანიზებით მოეწყო შეხვედრა აკადემიკოს ქალბატონებთან მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა და აკადემიკოს ქალბატონებს მეცნიერთა საერთაშორისო დღე მიულოცა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. მან ისაუბრა იმ დიდ მიღწევებსა და წვლილზე, რაც მეცნიერმა ქალებმა მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში შეიტანეს.
ქალთა საბჭოს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, ქალბატონმა ქეთევან გაბრუაშვილმა მოკლედ მიმოიხილა საბჭოს ისტორია და აღნიშნა, რომ საქართველოს ქალთა საბჭო 1921 წლიდან არსებობს, 1995 წლიდან კი იგი დამოუკიდებელი ააიპ საქველმოქმედო ორგანიზაციაა; 2019 წლიდან საბჭო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. ქალბატონმა ქეთევანმა აღნიშნა ქართველ მეცნიერ ქალთა დიდი ხვედრითი წილი მეცნიერების განვითარების საქმეში. მან საპატიო სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა აკადემიის წევრ ქალებს: თინათინ სადუნიშვილს, ინესა მერაბიშვილს, ლიანა მელიქიშვილსა და ქეთევან ნემსაძეს. შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული პატივით მიულოცეს ქართული ფარმაკოქიმიის სკოლის ღირსშესანიშნავ წარმომადგენელს, აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს დაბადების 97-ე წლის იუბილე. კულტურის ფონდის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა თამაზ შილაკაძემ ქალბატონ ეთერს გადასცა მედალი „მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“.
დაჯილდოებულ ქალბატონებს გულთბილად მიესალმნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, ქალბატონი ვიქტორია სირაძე. საღამო მუსიკალურად გააფორმა დუეტმა ქეთი თავშავიძისა და ბაია გრიგორიას მონაწილეობით. პოეტმა ნანა ცინცაძემ კი საღამო დაამშვენა თავისი შესანიშნავი ლექსით „ხვალის დღე“.