ქართველი მეცნიერის საერთაშორისო აღიარება
- თებერვალი 29, 2024
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა ეკონომიკურ მეცნიერებაში, განსაკუთრებით, მაკროეკონომიკასა და გამოყენებით ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის არჩეულ იქნა საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის (International CORE Academy of Sciences and Humanities) ნამდვილ წევრად (https://www.coreacad.org/Member.aspx?ProId=116). ვლადიმერ პაპავა შეყვანილია აკადემიის სოციალურ მეცნიერებათა განყოფილებაში.
აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა იმავდროულად არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლავარი.
ვლადიმერ პაპავას კვლევები ძირითადად ეძღვნება ეკონომიკის თეორიულ და გამოყენებით საკითხებს. კერძოდ, მის მიერ შექმნილია ნეკროეკონომიკის კონცეფცია (როგორც ეკონომიკის პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის თეორიული საფუძველი), რეტროეკონომიკის კონცეფცია (როგორც ტექნოლოგიური ჩამორჩენილობის ეკონომიკური თეორია), აგებულია ლაფერ-კეინზიანური სინთეზის მოდელი, შექმნილია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიდან „მკვეთრი ზრდის“ ეფექტის გამორიცხვის მეთოდი, დასაბუთებულია იმპორტდამოკიდებული ქვეყნების მონეტარულ პოლიტიკაში ინფლაციის კომპლექსური თარგეთირების სისტემის მიზანშეწონილობა, შესწავლილია გლობალიზაციის ტრანსფორმაციის და ფართომასშტაბიანი ეკონომიკური სანქციების ექსტერნალიების საკითხები, შემუშავებულია ცენტრალური „კავკაზიის“ გეოეკონომიკური კონცეფცია დ სხვ.
საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემია დაფუძნებულია ჰონგ-კონგის მთავრობის მიერ და მისი წევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანაა არჩული. აკადემია ინტერდისციპლინური, არასამთავრობო, არაკომერციული, სამეცნიერო ორგანიზაციაა და მისი წევრები მეცნიერებაში მოპოვებული დამსახურებებისთვის არიან არჩეულნი. აკადემიის მიზანია ხელი შეუწყოს ცოდნის ყველა სფეროში საერთაშორისო, მოწინავე და ინტერდისციპლინურ კვლევებს. აკადემია მოწოდებულია აღიაროს გამოჩენილი სამეცნიერო მიღწევები და ხელი შეუწყოს გლობალურ აკადემიურ თანამშრომლობას და ცოდნის გავრცელებას კაცობრიობის საკეთილდღეოდ.
სიტყვა „CORE“ შექმნილია ორი ჩინური სიტყვიდან. კერძოდ, სიტყვის პირველი მარცვალი ჩინურად „მეცნიერებას“ ნიშნავს, მეორე კი – „სიბრძნეს“.
აღსანიშნავია, რომ საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის წევრობის კანდიდატის ნომინირების უფლება მხოლოდ ამ აკადემიის წევრებს გააჩნიათ, ხოლო ნომინირებული კანდიდატის სამეცნიერო შედეგები გადის ფარულ რეცენზირებას CORE აკადემიის სხვა ორი წევრის მიერ. მხოლოდ ფარული რეცენზირების პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ ხდება აკადემიის ახალი წევრის არჩევა (https://www.coreacad.org/About.aspx?ClassID=29).
ვლადიმერ პაპავა მეორე ქართველია, რომელიც გახდა საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის წევრი. უფრო ადრე აკადემიის წევრად არჩეულ იქნა ცნობილი ქართველი მათემატიკოსი, აკადემიკოსი ხვედრი ინასარიძე (https://www.coreacad.org/Member.aspx?ProId=51). ის შეყვანილია აკადემიის მათემატიკისა და ინფორმაციული მეცნიერებების განყოფილებაში.