აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი აკადემიაში
- ივლისი 26, 2024
მიმდინარე წლის 25 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა, რომელსაც სტუმრად ეწვია აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი ისა ჰაბიბეილი.
აკადემიაში ვიზიტამდე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და ბატონმა ისა ჰაბიბეილმა თბილისში, აბანოთუბანში არსებული ჰეიდარ ალიევის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. რაც შეეხება აკადემიაში ჩატარებულ შეხვედრას, იგი აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა შესავალი სიტყვით გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა. მან აღნიშნა, რომ აკადემიას მაღალი დონის მეცნიერი ეწვია, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული და აზერბაიჯანული ლიტერატურის კულტურის განვითარებაში, მას ძალიან უყვარს საქართველო და ქართველი ხალხი. აღსანიშნავია, რომ ამ ცოტა ხნის წინ, 10 ივლისს, აკადემიაში ჩატარდა საერთო კრება, რომელზეც ისა ჰაბიბეილი აკადემიის უცხოელ წევრად აირჩიეს ფილოლოგიის დარგში. დღევანდელ შეხვედრაზე ეს დიპლომი ბატონმა როინმა აზერბაიჯანელ მეცნიერს საზეიმო ვითარებაში გადასცა.
შეხვედრაზე ისა ჰაბიბეილმა ჩვენი ხალხების ურთიერთობაზე, იმ ჰუმანიზმზე და სიყვარულზე ისაუბრა, რასაც შოთა რუსთაველი და ნიზამი განჯელი ხოტბას ასხამდნენ. მან აღნიშნა, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ხიდია გადებული და აზერბაიჯანის ამჟამინდელი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამას ყველანაირად უწყობს ხელს და ამყარებს.
აღსანიშნავია, რომ ისა ჰაბიბეილის სამეცნიერო ინტერესების სფეროა XIX და XX საუკუნეების აზერბაიჯანული ლიტერატურა, ლიტერატურის ისტორია და თეორია. არის 12 მონოგრაფიის, 3 სახელმძღვანელოს, 30-მდე ბროშურისა და რამდენიმე ასეული სამეცნიერო სტატიის ავტორი, მონაწილეობას იღებდა არაერთ საერთაშორისო კონფერენციებში ევროპასა და აღმოსავლეთის ქვეყნებში. მისი შრომები გამოქვეყნებულია ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, თურქულ, არაბულ, სპარსულ, ბულგარულ ენებზე. იგი არის „აზერბაიჯანული ლიტერატურის ისტორიის“ ათტომეულის პირველი ტომის რედაქტორ-შემდგენელი, არაერთი სამეცნიერო მონოგრაფიისა და ანთოლოგიის რედაქტორი და თანაავტორი; მთავარი რედაქტორი სამეცნიერო ჟურნალისა „ფილოლოგიისა და ხელოვნების საკითხები“, ასევე ჟურნალების „აზერბაიჯანული ლიტერატურის საკითხები“, „კომპარატივისტული ლიტერატურა“, „პოეტიკა“.
ისა ჰაბიბეილი დაჯილდოებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საპატიო მეცნიერის ორდენით, რესპუბლიკის ორდენით, პირველი ხარისხის ორდენით, „სამშობლოსადმი გაწეული სამსახურისათვის“ დიდების ორდენით, ღირსების ორდენით და სხვა საპატიო ჯილდოთი როგორც აზერბაიჯანში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იგი არის გაეროს ინფორმატიზაციის აკადემიის საერთაშორისო წევრი და მიღებული აქვს აღნიშნული აკადემიის საერთაშორისო პრემია (2006 წ.), არის ათათურქის კულტურის, ენისა და ისტორიის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი.
მის კვლევებში თავისი ადგილი ჰპოვა შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის მონაპოვრებმაც. იგი არის სამეცნიერო კონსულტანტი რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტისა „ინტერკულტურული სივრცე: რუსთაველი და ნიზამი“.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას და ურთიერთობების გაფართოებას.
შეხვედრის მსვლელობისას სიტყვით გამოვიდნენ: ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, აკადემიის გენერალური მრჩეველი გიორგი კვესიტაძე, აკადემიკოსები: ელიზბარ ჯაველიძე, ვლადიმერ ციციშვილი, თამაზ შილაკაძე, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი ირმა რატიანი და მისი მოადგილე მაკა ელბაქიძე.