
„ჰიდრომელიორაცია და ჰიდროკვანძების უსაფრთხოება“ მონოგრაფიის წარდგინება
- თებერვალი 28, 2025
2025 წლის 26 თებერვალს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში ჩატარდა ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა, რომელზეც აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი წარსდგა მონოგრაფიის – ,,ჰიდრომელიორაცია და ჰიდროკვანძების უსაფრთხოება“ პრეზენტაციით.
კომისიის სხდომა გახსანა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრველმა. მან აღნიშნა მონოგრაფიის ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტულ მნიშვნელობაზე და სხდომას მიაწოდა ინფრომაცია, რომ 2024 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით მონოგრაფიის ავტორი აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი დაჯილდოვდა აკადემიკოს ოთარ ნათიშვილის სახელობითი პრემიით. შემდეგ სიტყვა პრეზენტაციისათვის გადასცა აკადემიკოს გივი გავარდაშვილს.
ავტორმა აღნიშნა, რომ ,,მეცნიერების” გრიფით გამომცემლობა ,,უნივერსალმა” ფერადი ილუსტრაციებით გამოსცა მონოგრაფია – ,,ჰიდრომელიორაცია და ჰიდროკვანძების უსაფრთხოება “. წიგნის მოცულობაა 546 გვ.
მონოგრაფიაში განხილულია ჰიდრომელიორაციის ძირითადი ასპექტები, რომელიც მოიცავს ირიგაციის, დრენაჟის, ეროზიისა და ჰიდროკვანძების უსაფრთხოების საკითხებს.
ნაშრომში საქართველოს 9 რეგიონისა და 69 მუნიციპალიტეტისათვის შეფასებულია კლიმატის ცვლილება და გაანგარიშებულია მელიორაციის რისკები საქართველოს საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების უსაფრთხო ფუნქციონირების მხედველობაში მიღებით.
წარმოდგენილია სარწყავი და დამშრობი ქსელის ინოვაციური კონსტრუქციები, რომელთა მეცნიერულ-ტექნიკური სიახლის პრიორიტეტები დამოწმებულია საქართველოს პატენტის მოწმობებით.
ნიადაგის წყლისმიერი ეროზიის საწინააღმდეგოდ დამუშავებულია მეცნიერული მეთოდოლოგია, რომელიც მომავალში საქართველოს ნიადაგების წყლისმიერი ეროზიის კონტროლისათვის სახელმწიფო პროგრამის დამუშავების საფუძველი გახდება. ეროზიის კონტროლისათვის წარმოდგენილია ინოვაციური კონსტრქუციები და მათი დაპროექტებისათვის მეცნიერული მეთოდები.
წიგნში განხილული და შეფასებულია მსოფლიოს მაღლივი ჰიდროკვანძების უსაფრთხოება და მათი ავარიის გამომწვევი მიზეზები. დადგენილია ჟინვალის ჰიდროკვანძის შესაძლო ავარიის შემთხვევაში წყალდიდობის რისკის ზონები, რისკების პორტფოლიოს ანალიზის (CAPRA) მოდელის მიხედვით.
დამუშავებულია მეცნიერული მეთოდოლოგია, რომლის გამოყენებით შესაძლებელია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შეფასება, აღრიცხვა და დაზარალებული მოსახლეობის სარეაბილიტაციო გეგმის დამუშავება-ანალიზი და მდგრადობა.
მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, კომპეტენტური სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმმართველობაში მომუშავე პირებისათვის, გაეროს სტანდარტების მიხედვით განხილულია ის საკონტროლო კითხვები, რომელიც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის წარმოშობის შემთხვევაში რეაგირების დაგეგმვისას.
მონოგრაფია საინტერესოა დარგით დაინტერესებული ტექნიკური ინტელიგენციის ფართო წრისათვის.
კომისიის მსვლელობის ბოლოს აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა პასუხი გასცა დარბაზში დასმულ შეკითხვებს. გამომსვლელებმა კი შეაფასე მონოგრაფიის პრიორიტეტულობა ჩვენი ქვეყნისთვის და ხაზი გაუსვეს ჰიდრომელიორაციის დარგის მნიშვნელობაზე.
კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ – აკადემიის ვიცეპრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე, აკადემიის გენერალური მრჩეველი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, აკადემიკოსი რამაზ გახოკიძე, პროფესორი ლალი ღოღელიანი და კომისიის სხვა წევრები.