მერაბ ბერძენიშვილი – 90
- ივნისი 11, 2019
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2019 წლის 10 ივნისს, გაიმართა თანამედროვეობის უდიდესი მოქანდაკის მერაბ ბერძენიშვილის დაბადებიდან 90 წლის იუბილე, რომლის ორგანიზატორები იყვნენ: მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს მხატვართა შემოქმედებითი კავშირი და საქართველოს კულტურის ფონდი. საიუბილეო სხდომა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, შემდეგ სიტყვა გადაეცა ვიცე-პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველს. მერაბ ბერძენიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა დეტალურად და ამომწურავად განიხილა ხელოვნებათმცოდნე, კულტუროლოგმა, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დავით ანდრიაძემ. გამომსვლელთა შორის იყვნენ: გურამ ცერცვაძე – საქართველოს მხატვართა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, ვალერი ასათიანი – ასოციაცია „კულტურათა დიალოგი XXI საუკუნე“ პრეზიდენტი, დავით აბულაძე – საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე, თამაზ შილაკაძე – საქართველოს კულტურის ფონდის თავმჯდომარე, აკადემიკოსი და სხვა. საიუბილეო სხდომას ესწრებოდნენ ქართული საზოგადოებრიობის თვალსაჩინო წარმომადგენლები და მერაბ ბერძენიშვილის მეუღლე კირა ანდრონიკაშვილი.
მსოფლიო მნიშვნელობის უდიდეს მოქანდაკეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო წევრს 2013 წლიდან, მერაბ ბერძენიშვილს 2019 წლის 10 ივნისს 90 წელი შეუსრულდებოდა. მერაბ ბერძენიშვილი იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს სამი მოწვევის დეპუტატი, საქართველოს კულტურის ფონდის თავმჯდომარე. მას მინიჭებული აქვს საქართველოს სახალხო მხატვრის, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვრის, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებები, მრავალი ეროვნული და საერთაშორისო ჯილდო.
ყველაფერი რაც ამ ხელოვანს უკეთებია დიდი და მნიშვნელოვანია; გარდა მონუმენტური ქანდაკებებისა, საქართველოსა და მის გარეთ, მას შესრულებული აქვს მრავალი ნაწარმოები ფერწერის, გრაფიკის, პლაკატისა და დეკორაციულ-გამოყენებითი ხელოვნების დარგში. თითქმის ნახევარი საუკუნე ემსახურა ბატონი მერაბი ახალგაზრდობის აღზრდას, როგორც თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი.
მისი შექმნილია დავით აღმაშნებლის და დავით გურამიშვილის ქანდაკებები, ზაქარია ფალიაშვილის, დოდო აბაშიძის, სანდრო ახმეტელის, ტიციან ტაბიძის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას და ქეთევან წამებულის ძეგლები. მერაბ ბერძნიშვილს ეკუთვნის ყველასათვის ცნობილი „მუზა“ ფილარმონიის წინ. აღსანიშნავია მისი ქანდაკებები: „მედეა“, „ადამი და ევა“, „კიდევაც დაიზრდებიან“, „ჯარისკაცის მამა“ და სხვა. მერაბ ბერძენიშვილის გამოფენები მოწყობილია საქართველოსა და საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებში. მას მინიჭებული აქვს სამი უმაღლესი სახელმწიფო პრემია, ნობელის პრემიის ლაურეატის მედალი და სხვა. ასევე მფლობელია საქართველოს ეკლესიის წმინდა გიორგის ოქროს ორდენისა. საიუბილეო სხდომაზე, საქართველოს კულტურის ფონდმა მერაბ ბერძენიშვილი სიკვდილის შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემიით დააჯილდოვა.