ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- ოქტომბერი 22, 2019
ცენტრის 2019 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე განხილული იქნა მედიცინის აკადემიური დოქტორის, უნივერსიტეტ „გეომედის“ პროფესორისა და სიმულაციური მედიცინის კლინიკის დირექტორის არჩილ კაპანაძის მოხსენება: „რამდენიმე მოსაზრება პათოლოგიური დამოკიდებულების ფილოსოფიურ და ანთროპოლოგიურ ასპექტებზე“. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა ტერმინოლოგიური პრობლემის მნიშვნელობას, ვინაიდან ის იწვევს განსხვავებულ გაგებას და განიხილა პათოლოგიური დამოკიდებულების ფართოდ გავრცელებული განმარტება, რომელშიც ვერ მოიძებნა ადგილი სიამოვნებისათვის და შემდეგ ისაუბრა სიამოვნების განმარტებაზე. მან აღნიშნა, რომ ზიგმუნდ ფროიდმა დაასახელა „სიამოვნების პრინციპი“ იდ-ის მოქმედების პრინციპად. მაგრამ, ეგოსა და სუპერეგოს დონეებზე ფროიდი აღარ ახსენებს კონცეპტს „სიამოვნება“. სამაგიეროდ იგი ხმარობს: „ამ წესების დაცვა იწვევს სიამაყის, მნიშვნელოვანების და მიღწევის გრძნობას.“ მომხსენებლის აზრით ესეც სიამოვნებაა. ამდენად, თუ სიამოვნება დაკავშირებულია ინსტინქტთან, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არის სიცოცხლის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი და სასარგებლო იქნებოდა სიამოვნების კონცეპტის შემოტანა პათოლოგიური დამოკიდებულების განმარტებაში – ეს არის სიამოვნების მიღწევისადმი პათოლოგიური სწრაფვა.
დასკვნები:
- სიამოვნება სიცოცხლის საერთო ატრიბუტია;
- სიამოვნებისაკენ ასიმპტოტური სწრაფვა არის ევოლუციური პროცესის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა;
- ადამიანი განსხვავდება სხვა ცოცხალისაგან საკუთარი სიამოვნების მართვის უნარით;
- კულტურა არის ადამიანის სიამოვნების შეზღუდვის (ორგანიზების) ტრადიცია;
- პათოლოგიური დამოკიდებულება არის სწრაფვა სიამოვნების მისაღწევად.